ყვარლის მუნიციპალიტეტში ახალსოფლის პირველი საჯარო სკოლა სრულად რეაბილიტირდა.
განახლებულ სკოლას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან გივი მიქანაძესთან და ამავე კომიტეტის სხვა წევრებთან ერთად ეწვია.
მინისტრის მოადგილემ საგანმანათლებლო სივრცეები დაათვალიერა და განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო.
780 მოსწავლეზე გათვლილ სკოლაში სასწავლო სივრცეების პარალელურად მოწყობილია საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, რესურს ოთახი, ექიმის კაბინეტი, სააქტო დარბაზი, ბიბლიოთეკა, სასადილო. ასევე, კეთილმოეწყო ღია და დახურული სპორტული მოედნები და რეკრეაციული სივრცეები.
სკოლა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის: დამონტაჟებულია ლიფტი და პანდუსები, ადაპტირებული სველი წერტილებიც. სკოლა უზრუნველყოფილია სახანძრო სიგნალიზაციის, გათბობისა და უსაფრთხოების ახალი სისტემებით.
აღსანიშნავია, რომ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ უზრუნველყო სკოლის აღჭურვა ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსით, ტექნიკითა და ინვენტარით.
სკოლის სრული რეაბილიტაცია სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ, სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოში მიმდინარე მშენებლობა/რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტის ფარგლებში განახორციელა. პროექტის ჯამური ღირებულება 6 300 000 ლარამდეა.
ახლად რეაბილიტირებულ სკოლას ასევე სტუმრობდნენ პარლამენტის წევრები დავით მათიკაშვილი და ირაკლი ქადაგიშვილი, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ირაკლი კუპრავა, სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე ლევან მუშკუდიანი, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ილია მზექალაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კახა ასისტიშვილი.