სტიქიის შედეგებთან გამკლავების ღონისძიებებში თავდაცვის ძალების ასობით სამხედრო და ათობით სპეციალური ტექნიკა მონაწილეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგებთან გამკლავების ღონისძიებებში თავდაცვის ძალები გუშინდელი დღიდან მონაწილეობს. გურიის რეგიონში მობილიზებულია რამდენიმე ათეული სპეციალური სამხედრო ტექნიკა, რომელიც რთულად მისასვლელ ადგილებში გამოიყენება. საქართველოს ვიცე-პრემიერ, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, სამხედრო მოსამსახურეები ჩართულნი არიან გაწმენდით სამუშაოებში, ასევე კონკრეტულ სოფლებში მედიკამენტებითა და საკვებით ეხმარებიან ოჯახებს. დავალებაზე გასულ სამხედრო მოსამსახურეებს მუდმივი კომუნიკაცია აქვთ შტაბთან და დამატებითი საჭიროების შესახებ ოპერატიულ ინფორმაციას აწვდიან.
„რამდენიმე ასეული სამხედროა მობილიზებული. სხვა საჭიროების შემთხვევაში, მაქსიმალურად ჩავერთვებით. თუმცა, ასეთი დავალება ამ ეტაპისათვის არ არის. დღეს ჩვენი ამოცანაა, დავეხმაროთ შსს-ს და სხვა მუნიციპალურ სამსახურებს, რათა შესაძლებელი გახდეს, მივიდეთ თითოეულ დასახლებულ პუნქტში და კონკრეტული ოჯახებს დახმარება გავუწიოთ. ამ ეტაპზე არსებული ამოცანების მიხედვით, ჩვენ მიერ მობილიზებული ძალები სრულიად საკმარისია, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, რამდენიმე საათში შევძლებთ დამატებითი ძალების მობილიზებას“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა დიდთოვლობის გამო წარმოქმნილ საგანგებო სიტუაციაში თავდაცვის ჩართულობასთან დაკავშირებით.