leaderboard_below_slide
left_sabechdi

ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენი ელჩი ერთადერთი იყო ვატიკანის ელჩთან ერთად, რომელიც დარჩა კიევში, ამოიჩემეს და გამოაგდეს სამარცხვინოდ, მაშინ, როდესაც მაგალითად, ბელორუსის ელჩისთვის, საიდანაც რუსეთის ჯარები შევიდა უკრაინაში, არაფერი უთქვამთ – ეს იყო ქვეყნის შეურაცხყოფა და ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც არავის აპატიებს საქართველოს შეურაცხყოფას

„ჩვენ არ ვიყავით ის მთავრობა, რომელმაც რაიმე ცუდი გაუკეთა უკრაინის ხელისუფლებას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ყოფილი თანამდებობის პირები, რომლებიც მსჯავრდებულები იყვნენ, მათ შეიფარეს, ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი ურთიერთობები და გახსოვთ ალბათ პოროშენკოს ვიზიტიც იყო, შემდეგ, ზელენსკის ვიზიტიც იყო”, – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ გადაცემაში “ღამის კურიერი”.

სამხარაძის განმარტებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მას შემდეგ შეიცვალა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თბილისში, აქციაზე შეკრებილებს მიმართა და კიევმა თბილისიდან ჩარტერული რეისების შესრულებაც მოითხოვა. ამას კი დაერთო უკრაინაში საქართველოს ელჩის კიევიდან გამოძევება, რომელიც, სხვა ქვეყნების ელჩებისგან განსხვავებით, ომის დროსაც კი არ ტოვებდა უკრაინის დედაქალაქს.

„ეს ყველაფერი მას შემდეგ გართულდა, რაც ზელენსკი გამოვიდა თბილისში მიტინგზე და თქვა, რომ ხალხი და ხელისუფლება ერთმანეთს არ ეთანხმება და ჩარტერული რეისის გაგზავნა მოითხოვეს – ეს იყო პირველი. მეორე იყო, როდესაც მათ ელჩი, რომელიც ერთადერთი ელჩი იყო ვატიკანის ელჩთან ერთად, რომელიც დარჩა კიევში და ეს ამბავი იცის საზოგადოებამ, ჩვენი ელჩი ამოიჩემეს და ის გამოაგდეს კიევიდან სამარცხვინოდ, მაშინ, როდესაც მაგალითად, ბელორუსის ელჩისთვის, საიდანაც რუსეთის ჯარები შევიდა უკრაინაში, არაფერი უთქვამთ. ეს იყო ქვეყნის შეურაცხყოფა და როგორც ჯო უილსონთან თუ ნებისმიერ სხვასთან მიმართებით, რაც არ უნდა ის ადამიანი იმ მომენტში იყოს გმირი და მსოფლიოს გადამრჩენელი, ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც არავის აპატიებს საქართველოს შეურაცხყოფას.” – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ასევე იხილეთ