„არქივი არ იშლება და ეს არქივი მეტყველებს იმაზე, რომ რადიკალური ოპოზიცია ითხოვდა როგორც სანქციებთან მიერთებას, ისე მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას უკრაინაში, ეს პირდაპირ ნიშნავდა ესკალაციას, საქართველოს ჩართვას სამხედრო კონფლიქტში“, – ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ოპოზიციის მხრიდან საქართველოს მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესების თაობაზე პოზიციის ცვლილებას შეეხებოდა.
კითხვაზე, თუ როგორ აფასებს მთავრობის მეთაური ფაქტს, რომ ოპოზიცია უარყოფს, თითქოს არ სთხოვდნენ არც ისინი და არც ელჩები საქართველოს ხელისუფლებას რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის დაწყებისთანავე, 25 თებერვლიდან დაიწყო რადიკალური ოპოზიციის მიერ დაორგანიზებული აქციები თბილისში და ჰქონდათ, სწორედ, ორი მოთხოვნა : ერთი იყო სანქციებთან მიერთება, მეორე კი – უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნა მთავრობის ოფიციალური თანხმობით.
„თქვენ გახსოვთ, 25 თებერვლიდან დაიწყო რადიკალური ოპოზიციის მიერ დაორგანიზებული აქციები თბილისში და ჰქონდათ, ძირითადად, ორი მოთხოვნა : ერთი იყო სანქციებთან მიერთება და მეორე – უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნა მთავრობის ოფიციალური თანხმობით. შემდეგ უკრაინის ხელისუფლებამ ამ ორი საბაბით გაიწვია ელჩი საქართველოდან და ამაზეც გახსოვთ რადიკალური ოპოზიციისა და მათი პატრონების რეაქცია. ისინი ამტყუნებდნენ საქართველოს ხელისუფლებას და არა უკრაინის ხელისუფლებას. არც ერთი მათგანი არ გამოსულა მაშინ და არ უთქვამს, რომ უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება იყო უსამართლო და მოთხოვნა სანქციებთან მიმართებაში, ისევე როგორც მებრძოლი მოხალისეების გაგზავნასთან დაკავშირებით, იყო აბსოლუტურად ანტისახელმწიფოებრივი. მაშინ ისინი მხარს უჭერდნენ უკრაინის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას და აკრიტიკებდნენ კიდეც საქართველოს ხელისუფლებას იმის გამო, რომ უკრაინამ მიიღო გადაწყვეტილება ელჩის გაწვევის თაობაზე. ყველაფერი დევს ხელის გულზე, არქივი არ იშლება და ეს არქივი მეტყველებს იმაზე, რომ ისინი ითხოვდნენ სანქციებთან მიერთებას, მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას. უფრო მეტიც, ამბობდნენ, რომ რცხვენოდათ ქართველობის იმის გამო, რომ ჩვენ არ მივუერთდით სანქციებს და უკრაინაში მებრძოლი მოხალისეები არ გავგზავნეთ. ეს ნიშნავდა პირდაპირ ესკალაციას, საქართველოს ჩართვას სამხედრო კონფლიქტში, ამ მოთხოვნებს უერთდებოდა მთელი რადიკალური ოპოზიცია, მათი პატრონების დაკვეთით“, – განაცხადა პრემიერმა.