მამუკა მდინარაძე იმერეთში დიდთოვლობასთან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაოებზე: ამ პროცესს ახლავს ძალიან დიდი სირთულეები, თუმცა ვუმკლავდებით

“გვყავდა ერთი ადამიანი, რომელიც იყო დიალიზზე, სჭირდებოდა გამოყვანა და ფეხით შეძლეს ჩვენმა წარმომადგენლებმა გამოყვანა”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან ქუთაისში, სადაც იგი დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების მოგვარების სამუშაო პროცესში მონაწილეობს.
მდინარაძის განცხადებით, დღეს დილით ელექტროენერგია 25 ათასამდე აბონენტს არ მიეწოდებოდა, თუმცა „ენერგო პრო ჯორჯიას“ მუშაობის შედეგად 5000-მდე აბონენტს აღუდგა ელექტრომომარაგება.
„იმედია, რომ ამ ინტენსივობით გაგრძელდება ელექტრომომარაგების აღდგენა. რამდენიმე სოფელთან დაკავშირებით ჯერ კიდევ გვაქვს სერიოზული პრობლემა, სამტრედიაში გორმაღალთან კონტაქტი, ფაქტობრივად, არ იყო იმიტომ, რომ ტელეფონების დატენაც კი ვეღარ შეძლეს ელექტროენერგიის მიუწოდებლობის გამო.
გვყავდა ერთი ადამიანი, რომელიც იყო დიალიზზე, სჭირდებოდა გამოყვანა და ფეხით შეძლეს ჩვენმა წარმომადგენლებმა გამოყვანა. ეს ერთ-ერთი მაგალითი გითხარით, არის მსგავსი ბევრი პრობლემა, თუმცა რა თქმა უნდა, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ასეთი პრობლემა მყისიერად აღმოიფხვრას და ეს შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად ხერხდება.
ამ პროცესს ახლავს ძალიან დიდი სირთულეები, თუმცა ამას ვუმკლავდებით საბოლოო ჯამში. ასევე გვაქვს ვანის მიმართულებით რამდენიმე სოფელში პრობლემები, მაგალითად, გაჭირდა 30 ტონამდე აგრეგატების გადაადგილება, რაც შეუთავსებელი იყო არსებულ რეალობასთან. მიმდინარეობს დამატებითი ტექნიკის ჩამოყვანა, ინფრასტრუქტურის სამინისტროც გვეხმარება ამაში.
ასევე არის პრობლემები ბაღდათის მიმართულებით, თუმცა იქ მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, პირველი საჭიროების შესაბამისად ეხმარებიან ადამიანებს, მეორე მხრივ მიდის „ენერგო-პროსთან“ ერთად გაწმენდითი სამუშაოები იმ რთული მიმართულებებით, სადაც არის დაზიანებები, რაც შემდეგ რამდენიმე ათასი ადამიანის და ოჯახის ელექტრომომარაგების შეწყვეტასთან არის დაკავშირებული და თუ იქ ვერ მივიდნენ, შემდეგ აღდგენითი სამუშაოები ჭირს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.