leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კობახიძე: საქართველო NATO-ს ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორია. წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყანა აქტიურად მონაწილეობდა NATO-ს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში

„საქართველო NATO-ს ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორია. წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყანა აქტიურად მონაწილეობდა ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში“, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„თავის მხრივ, NATO მნიშვნელოვან როლს ასრულებდა და ასრულებს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში.

დღეს ევროპაში რთული და გამოწვევებით სავსე პერიოდია. წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი ფუნდამენტურ ცვლილებებს განიცდის. მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის იდეა არის საფრთხის ქვეშ. ამ რთულ ვითარებაში აუცილებელია, საერთაშორისო საზოგადოებამ გამოავლინოს ერთსულოვნება და მტკიცე ერთგულება საერთაშორისო სამართლის პრინციპების მიმართ.

ბატონო გენერალურო მდივანო, კიდევ ერთხელ მოგახსენებთ მადლობას საქართველოში ჩამობრძანებისთვის, რაც არის საქართველოს მიმართ თქვენი მხარდაჭერის კიდევ ერთი ძალიან ძლიერი გამოხატულება. მინდა წარმატებები გისურვოთ თქვენს საქმიანობაში“, – აღნიშნა კობახიძემ.

 

ასევე იხილეთ