საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, NATO-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.
აღინიშნა, რომ NATO-ში ინტეგრაცია საქართველოს, როგორც NATO-ს ასპირანტი ქვეყნის, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია, რაც ქვეყნის კონსტიტუციით არის გამყარებული.
ყურადღება დაეთმო შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს და შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის მნიშვნელობას საერთო- ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
პრემიერ-მინისტრმა NATO-ს გენერალურ მდივანს ალიანსში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისა და პირადი ძალისხმევისთვის, ასევე საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ NATO-ს გენერალური მდივნის პირადი ოფისის დირექტორის პირველი მოადგილე ლორენც მეიერ-მინემანი; NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა; NATO-ს პრესსპიკერის მოვალეობის შემსრულებელი დილან უაიტი; NATO-ს გენერალური მდივნის პირადი ოფისის დირექტორის მოადგილე ინგა უეგნერი; NATO-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდერ ვინიკოვი; საქართველოს დესკ-ოფიცერი, პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის განყოფილების წარმომადგენელი სტეფენ ელგერსმა.
საქართველოს მხრიდან შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი; მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და საქართველოს ელჩი ნატოში ვიქტორ დოლიძე ესწრებოდნენ.