top_leaderboard
left_sabechdi

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, NATO-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგსა  და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.

აღინიშნა, რომ NATO-ში ინტეგრაცია საქართველოს, როგორც NATO-ს ასპირანტი ქვეყნის, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია, რაც ქვეყნის კონსტიტუციით არის გამყარებული.

ყურადღება დაეთმო შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს და შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის მნიშვნელობას საერთო- ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

პრემიერ-მინისტრმა NATO-ს გენერალურ მდივანს ალიანსში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისა და პირადი ძალისხმევისთვის, ასევე საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ NATO-ს გენერალური მდივნის პირადი ოფისის დირექტორის პირველი მოადგილე ლორენც მეიერ-მინემანი; NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა; NATO-ს პრესსპიკერის მოვალეობის შემსრულებელი დილან უაიტი; NATO-ს გენერალური მდივნის პირადი ოფისის დირექტორის მოადგილე ინგა უეგნერი; NATO-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდერ ვინიკოვი; საქართველოს დესკ-ოფიცერი, პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის განყოფილების წარმომადგენელი სტეფენ ელგერსმა.

საქართველოს მხრიდან შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი; მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და საქართველოს ელჩი ნატოში ვიქტორ დოლიძე ესწრებოდნენ.

 

ასევე იხილეთ