თემურ მღებრიშვილი: ვვარაუდობთ, რომ ხვალ საღამომდე გურიის რეგიონის შიდა ცენტრალური მაგისტრალები აბსოლუტურად გაწმენდილი იქნება

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა გურიაში დიდთოვლობით შექმნილ ვითარებაში მუშაობის დეტალებზე გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.
„ცოტა ხნის წინ დასრულდა საკოორდინაციო შტაბის შეხვედრა, რომელსაც ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა მინისტრი. გავიარეთ დღის განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებები. დაიგეგმა ღამის განმავლობაში ჩასატარებელი ამოცანები. 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს როგორც გზის გაწმენდითი სამუშაოები, ასევე საჭიროების შემთხვევაში ხდება მოსახლეობასთან კომუნიკაცია. გურიის რეგიონის შიდა ცენტრალური მაგისტრალების 80% სრულად არის გაწმენდილი. დარჩენილი 20%-ის გაწმენდა ამ წუთებისთვისაც მიმდინარეობს და ვარაუდობთ, რომ ხვალ საღამომდე აბსოლუტურად გაწმენდილი იქნება ცენტრალური მაგისტრალები. ამის შემდეგ მთელი ყურადღება და რესურსი გადატანილი იქნება შიდა სასოფლო გზებზე, რაც უფრო დააჩქარებს მოსახლეობამდე შეღწევას. დღეს სულ რამდენიმე სოფელია დარჩენილი, სადაც ბოლომდე შეღწევა ვერ მოხერხდა და აქედან გამომდინარე ხვალ იგეგმება ღონისძიებები, რის შემდეგადაც ამ სოფლებამდე მიღწევა შესაძლებელი გახდება“, – აღნიშნა მღებრიშვილმა.