Bloomberg: ევროკავშირი 6 მარტის სამიტზე უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას განიხილავს

ევროკავშირის ლიდერები 6 მარტს გასამართ სამიტზე უკრაინის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის საკითხს განიხილავენ. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
სააგენტო საკუთარ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სპეცწარმომადგენელი რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომის შეწყვეტის შესაძლო მოლაპარაკებებზე ევროკავშირს წარმოადგენს. სამიტზე მიწვეულია უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
Bloomberg-ის ინფორმაციით, სამიტზე განხილვის ერთ-ერთი თემა აგრეთვე თავდაცვის საკითხებზე ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება იქნება.
მანამდე, კიევში განაცხადეს, რომ ევროპულმა ქვეყნებმა სწრაფად უნდა დანიშნონ ადამიანი, რომელიც წარმოადგენს ევროპას რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების პოტენციურ მოლაპარაკებებში.
ეს იდეა მხარდაჭერილია რამდენიმე ევროპელი ლიდერის მიერ, მაგალითად, ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ სტუბის მიერ, რომელმაც აღნიშნა, რომ ევროპას სჭირდება სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა უკრაინაში მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილეობისთვის.