დავით მათიკაშვილი: პაველ ჰერჩინსკიმ დიდი ხანია გადალახა „წითელი ხაზები“, ის გახდა „დიფ სთეითის“ რუპორი საქართველოში

“პაველ ჰერჩინსკიმ დიდი ხანია გადალახა „წითელი ხაზები“, ის გახდა „დიფ სთეითის“ რუპორი საქართველოში”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ცნობებს, რომ EU-ს ელჩი საქართველოში ახალგაზრდებთან შეხვედრებს მართავს.
მისი თქმით, ევროკავშირის დღევანდელი ელჩი დიპლომატიურ ზღვარს აბსოლუტურად არის აცდენილი.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ამის თქმა გვიწევს, მაგრამ ეს არის ფაქტი. ევროკავშირის დღევანდელი წარმომადგენელი, ელჩი დიპლომატიურ ზღვარს აბსოლუტურად არის აცდენილი. მან დიდი ხანია უკვე, გადალახა ეს „წითელი ხაზები“ და ჩანს, რომ ის გახდა „დიფ სთეითის“ რუპორი საქართველოში. ცდილობს, არა ქვეყნებს შორის ურთიერთობების ჰარმონიზაციას, საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების და ა.შ. პოზიტიური მიზნების მიღწევას, არამედ პირიქით, განცალკევების, დაპირისპირების და სამწუხაროდ, არაევროპული და ევროკავშირისთვის მიუღებელი ღირებულებების პროპაგანდით არის ეს ადამიანი დაკავებული. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სიტუაცია გადაიტვირთება, მოხდება ამ სიტუაციის პოზიტიური ნიშნულით დაწყება და შემდგომი დიპლომატიური წარმომადგენლები ევროკავშირიდან საქართველოში იქნებიან დიპლომატიური მისიის რეალურად შემსრულებლები და არა რაღაც იმ ძალების გამხმოვანებლები, რომელთა მიზნებსაც, სამწუხაროდ, ნამდვილად არ წარმოადგენს არც ჩვენი ქვეყნის არც ევროპული გზა და არც მისი დემოკრატიული განვითარება,“ – განაცხადა მათიკაშვილმა.