შალვა პაპუაშვილი: ერთადერთი პასუხი, რისი მიღებაც კელი დეგნანს სურდა, იყო თანხმობა სანქციებზე, ყოველ ჯერზე მიტრიალებდა კითხვას და უარის შემდეგ აძლევდა ნიშანს თანაშემწეს, ეს ჩანაწერში აესახა

“ერთადერთი პასუხი, რისი მიღებაც კელი დეგნანს სურდა, იყო თანხმობა სანქციების დაწესებაზე, ყოველ ჯერზე მიტრიალებდა კითხვას და ყოველი უარის შემდეგ აძლევდა ნიშანს თანაშემწეს, რომ ეს ჩანაწერში აესახა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
როგორც პაპუაშვილი წერს, მოგვიანებით, დრომ დაადასტურა, რომ სანქციების პოლიტიკა დასავლეთის ქვეყნებს შორის ვაჭრობის შედეგად დგინდებოდა, რომელშიც ყველა ცდილობდა, სანქციები თავისი ქვეყნის ინტერესებისათვის და საჭიროებებისათვის მოერგო
„2022 წლის 28 თებერვალს პარლამენტის სასახლეში შევხვდი აშშ-ის ელჩს მის თანმხლებებთან ერთად. პირველი, რითაც მან საუბარი დაიწყო, იყო „დაბნეულობისა და იმედგაცრუების“ გადმოცემა, რომელსაც მისი მთავრობა გრძნობდა საქართველოს პრემიერის გადაწყვეტილებასთან და 25 თებერვლის განცხადებასთან დაკავშირებით. მისი სიტყვებით, ახლა იყო მომენტი, როდესაც უნდა აგვერჩია „ნათელ მხარეს ვართ, თუ ბნელ მხარეს“, რაც, პირველ რიგში, რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებზე შეერთებაში უნდა გამოხატულიყო. ელჩი ამ მოთხოვნას ხაზგასმით და მკაფიოდ აფიქსირებდა, მისი სპეციალური თანაშემწე კი ჩემს პასუხებს, დაწვრილებით იწერდა. ამ დროს დაწყებული ომის მასშტაბი და შედეგი ჯერ ისევ ბუნდოვანია. – „საქართველო, რომელსაც არავინ უთანხმებს რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ სანქციების დაწესებას, მის შინაარსს, ხანგრძლივობას, რაიმე კონკრეტიკას, ვერ მოაწერს ხელს ასეთ სუფთა ფურცელს“, – ვპასუხობ მე; – „უცნობია ასეთი მკვეთრი დემარში, რას მოუტანს საქართველოს, რა საპასუხო დარტყმას მივიღებთ და რა რისკებში აღმოვჩნდებით ჩათრეული. ჩვენ ვართ სპეციფიური ქვეყანა, რუსული ჯარი ჩვენს ტერიტორიაზეა, ჩვენ გვჭირდება სიფრთხილე. ჩვენ არ ვართ არც ნატო-ს და არც ევროკავშირის წევრი, შესაბამისად, არც ნატო-ს ბირთვული ქოლგა და არც ევროკავშირის ეკონომიკური ურთიერთდახმარების ვალდებულება გვიცავს“. ამ ცალსახა პოზიციასთან ერთად, იქვე ვუპასუხე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უკვე გადადგა გარკვეული ნაბიჯები, თუნდაც იგივე საბანკო სფეროში, რომლითაც გამოირიცხა სანქციების გვერდის ავლა. აღვნიშნე, რომ საერთაშორისო ასპარეზზე, ნებისმიერი ფორმატის განხილვებსა და კენჭისყრებში საქართველო უკრაინის მხარეს იჭერდა, თუმცა აშშ-ის ელჩი კატეგორიული და შეუვალი იყო. ერთადერთი პასუხი, რისი მიღებაც მას სურდა, იყო თანხმობა სანქციების დაწესებაზე. ყოველ ჯერზე ის მიტრიალებდა კითხვას, ვაპირებდით თუ არა, შევერთებიდით სანქციებს, და ყოველი უარის შემდეგ დემონსტრაციულად აძლევდა ნიშანს მის თანაშემწეს, რომ ეს მის ჩანაწერში აესახა. მოგვიანებით, დრომ დაადასტურა, რომ სანქციების პოლიტიკა დასავლეთის ქვეყნებს შორის ვაჭრობის შედეგად დგინდებოდა,
რომელშიც ყველა ცდილობდა, სანქციები თავისი ქვეყნის ინტერესებისათვის და საჭიროებებისათვის მოერგო. კერძოდ, მათი უმრავლესობის ინტერესების გათვალისწინებით, ენერგეტიკის სფერო სანქციებიდან მეტწილად გამოირიცხა. ომის პარალელურად, ევროპაში რუსული გაზი კვლავ უკრაინის გავლით მიედინებოდა. ლიეტუვა კი რუსეთში ღვინის წამყვანი ექსპორტიორი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ თავად ღვინოს არ აწარმოებს. ამერიკის ელჩს ასევე განვუმარტე, რომ უკრაინას დღეს თუ რამე ესაჭიროებოდა, ეს სანქციები კი არა, სამხედრო დახმარება იყო, ჯარი, შეიარაღება, თავდაცვის სისტემები. ვხედავთ, რომ ზელენსკი საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს მებრძოლების გაგზავნას და იქნებ აშშ-ის ეფიქრა ამაზე. ამ წინადადებაზე იქვე მიპასუხა: „გინდა, რომ ბირთვული ომი დაიწყოს?“, რაზეც ვუთხარი – „ხედავთ, თქვენ ფრთხილობთ, ჩვენი სიფრთხილე კი არ მოგწონთ. რეალურად კი არსებულ ვითარებაში ჩვენთვის ვითარების ესკალაცია და შესაძლო ომი, ბირთვული ომის ტოლფასია“. ჩვენი საუბრის შემდეგ, ელჩი სახელმწიფო კანცელარიაში პრემიერ-მინისტრთან სასაუბროდ გაეშურა. ჩემთან საუბარი, როგორც საკანონდმებლო ორგანოს ორი თვის წინ არჩეულ თავმჯდომარესთან, როგორც ჩანს, მხოლოდ მოთელვა იყო. პრემიერ-მინისტრთან საუბარი კი გაცილებით მოცულობითი და პირდაპირი, ვიდრე მხოლოდ ეკონომიკური სანქციების დაწესება-არდაწესების საკითხი. ელჩის ყველა მცდელობა უშედეგო გამოდგა. საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა დაუფიქრებელ და არაგონივრულ ესკალაციაზე. არ ვიცი, რამდენად არის ეს დამთხვევა, თუმცა ამ დრამატული საუბრების მეორე დღეს, უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ, ზუსტად ამ საბაბით, საქართველოდან ელჩი გაიწვია, რითაც ვითარება უფრო დაამძიმა და თბილისში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციების ცეცხლზე ნავთი დაასხა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.