leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირმა ჭკადუა: სამომავლოდ, ნიკოლოზ ბასილაშვილის იურისტებს მის მიმართ კვლავ გაჟღერებულ ცილისწამებაზე შესაბამისი რეაგირება გვექნება და გადავდგამთ სათანადო სამართლებრივ ნაბიჯებს

„ხანგრძლივი სასამართლო პროცესების განმავლობაში, ყველა ეტაპზე, მიუხედავად რიგი თავდასხმების, შეურაცხყოფების და ბრალდებებისა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა საზოგადოებას აჩვენა ეთიკისა და ზნეობის გამორჩეული მაგალითი. ეს მაშინ, როცა მეორე მხარე, რომელსაც წარმოადგენდნენ გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებების ნაწილი, ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს დაეკარგა კონტროლი და გაემართა დისპუტი გამოგონილ ბრალდებებზე. ორგანიზებული თავდასხმები საგანგებოდ მისი სპორტულ ტურნირზე ასპარეზობის წინ ხდებოდა, ამის დამადასტურებელი არაერთი ფაქტი არსებობს” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ადვოკატი ირმა ჭკადუა წერს და აღნიშნავს, რომ სამომავლოდ, ნიკოლოზ ბასილაშვილის იურისტებს მის მიმართ კვლავ გაჟღერებულ ცილისწამებაზე შესაბამისი რეაგირება ექნებათ.

„საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დასაშვებად არ სცნო ირაკლი კაჭარავას საკასაციო საჩივარი ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე მხარე წლების განმავლობაში ცდილობდა, რეპუტაციული ზიანი მიეყენებინა ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის აშკარა ცილისმწამებლური, აბსურდული ინფორმაციის გავრცელებით. საქართველოში ყველა ინსტანციის სასამართლომ დაადასტურა ბასილაშვილის სიმართლე. შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ასევე გამართლდა ყველა გამოგონილ და უსაფუძვლო ბრალდებაში.

ხანგრძლივი სასამართლო პროცესების განმავლობაში, ყველა ეტაპზე, მიუხედავად რიგი თავდასხმების, შეურაცხყოფების და ბრალდებებისა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა საზოგადოებას აჩვენა ეთიკისა და ზნეობის გამორჩეული მაგალითი. ეს მაშინ, როცა მეორე მხარე, რომელსაც წარმოადგენდნენ გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებების ნაწილი, ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს დაეკარგა კონტროლი და გაემართა დისპუტი გამოგონილ ბრალდებებზე. ორგანიზებული თავდასხმები საგანგებოდ მისი სპორტულ ტურნირზე ასპარეზობის წინ ხდებოდა, ამის დამადასტურებელი არაერთი ფაქტი არსებობს.

როცა გამოგონილ მსხვერპლთან დაკავშირებული ისტორიები უკვე აღარ იყო საინტერესო მათი აუდიტორიისათვის, ბასილაშვილის წინააღმდეგ წამოიწყეს ახალი სამართლებრივი დავა, რომელიც ასევე მისი გამარჯვებით დასრულდა, თუმცა, მათ მაინც სცადეს, მორიგი აბსურდული ისტორია სკანდალად ექციათ.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მორიგი “საგა” ზემოთხსენებულ პიროვნებას უკავშირდებოდა, რომლიც აცხადებდა, რომ სწორედ მისი დამსახურებით მოხვდა ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს ოც საუკეთესო ჩოგბურთელთა რეიტინგში, რის გამოც იმსახურებდა დიდ ფინანსურ მოგებას, არადა, რეალურად, ამ ადამიანს თავისუფლად შეგვიძლია, გამომძალველი ვუწოდოთ, რადგან ის მედიის დახმარებით, შანტაჟის გზით, თანხის გამოძალვის მიზნით, ცდილობდა მისთვის ფინანსური და რეპუტაციული ზიანის მიყენებას. სამივე ინსტანციის სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ არ დააკმყოფილა მოთხოვნები. თუმცა, ამის მიუხედავად, ვფიქრობთ, რომ ცოტას თუ ეყოფა იმის ძალა, რომ მას ბოდიში მოუხადოს.

ჩვენ, მის ადვოკატებს, გვექნება კონსულტაციები ბატონ ნიკოლოზთან და ერთობლივად გადავწყვეტთ, დავიწყოთ თუ არა მისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენებისთვის სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმა. საქმის კურსში ჩავაყენებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის, უცხოურ პრესას, იმასთან დაკავშირებით, რომ ნიკოლოზი სრულად იქნა გამართლებული როგორც სისხლის სამართლის საქმეში, ასევე სამოქალაქო კუთხით – მის მიმართ არ არსებობს არავითარი კითხვის ნიშნები. ახლა კი ვნახოთ, იგივე ადამიანები და მედიასაშუალებები, რომლებიც მის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ანტიპიარში იყვნენ ჩართული, დაინტერესდებიან და გააშუქებენ თუ არა, რომ ნიკოლოზი ყველა საკითხსა და კონტექსტში უდანაშაულოა.

სამომავლოდ, ნიკოლოზ ბასილაშვილის იურისტებს მის მიმართ კვლავ გაჟღერებულ ცილისწამებაზე შესაბამისი რეაგირება გვექნება და გადავდგამთ სათანადო სამართლებრივ ნაბიჯებს” – წერს ირმა ჭკადუა.

ასევე იხილეთ