leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი ვოლსკი: აშშ-ის ადმინისტრაცია თხოვნით მისულ ადამიანს ელოდებოდა, ზელენსკისგან განდგომა დაიწყეს უკრაინაში, იქ არ არის სტაბილური მდგომარეობა, რომ მზად ყოფილიყო საქმიანი საუბრისთვის, თუ არ ექნება გარანტიები

კამათი რასაც მოჰყვა, დავინახეთ, ამერიკის ადმინისტრაცია ელოდებოდა გარკვეულწილად, თხოვნით მისულ ადამიანს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ემოციურად ძალიან მძიმე ფონია, ამდენი ხალხი იხოცება. ყველას გვყავს ახლობლები უკრაინაში, არსებობს პოლიტიკა, პოლიტიკოსები და არსებობენ ქვეყნები, რომელთაც არ გააჩნიათ ის რესურსი, რომ ეს ყველაფერი შეაჩერონ. ეს არის დიდი ტრაგედია მთელი მსოფლიოსთვის. არსებობს სახელმწიფო აშშ-ი, რომელსაც ეს რესურსი გააჩნია. იქ რამდენიმე საკვანძო თემა ითქვა და ამასთან დაკავშირებით ათასგვარი მითქმა-მოთქმა მოვისმინეთ, მაგრამ მთავარი საკითხი იყო ერთი, რომ აშშ-ი არ იღებს თავზე უსაფრთხოების გარანტიას, მაგრამ მეორე მხრივ, არსებობს რეალური გარანტია, როდესაც აშშ-ი დაინტერესებულია რაღაც საკითხებთან მიმართებაში უკრაინაში, იგივე სასარგებლო წიაღისეულის, თუ იშვიათი მეტალების გადამუშავების საკითხებზე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ შევა, ამოიღებს და დაიწყებს ამის მარტო გამოყენებას. უკრაინისთვისაც აქ სერიოზული რესურსია ამერიკული ინვესტიცია, ამერიკული კომპანიები და რასაკვირველია, ეს უკვე უსაფრთხოების საკითხებს ნიშნავს. გარდა ამისა, აშშ-ს ჰქონდა ლაპარაკი ევროპელ პარტნიორებთან და ყველაფერი არც იქ წავიდა მთლად დალაგებულად, მაგრამ პრინციპულად შეთანხმდნენ, რომ ევროპელები მზად არიან, როგორც მშვიდობის გარანტორებმა, აიღონ გარკვეული ვალდებულებები“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ამ განცხადებით გიორგი ვოლსკიმ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როგორ შეაფასებს ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ნაადრევად დასრულებულ შეხვედრას, უკრაინის პრეზიდენტის და მისი დელეგაციის მიერ თეთრი სახლის დატოვებას, ერთობლივი პრესკონფერენციის გაუქმებას და აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას, რომ ზელენსკი მზად არ არის მშვიდობისთვის, ის პატივს არ სცემს ამერიკელ ხალხს და ოვალურ კაბინეტში შეუძლია, დაბრუნდეს მაშინ, როდესაც მშვიდობისთვის მზად იქნება.

მისი თქმით, აქედან გამომდინარე, ზელენსკის პოზიცია მნიშვნელოვანწილად, განპირობებულია მისი პირადი შეხედულებებით, მისი პირადი ხვალინდელი დღის ანალიზიდან გამომდინარე და მას პირადი უსაფრთხოების გარანტიებიც სჭირდება ყველაფერთან ერთად.

„კამათი რასაც მოჰყვა, დავინახეთ. აქ ამერიკის ადმინისტრაცია ელოდებოდა გარკვეულწილად, თხოვნით მისულ ადამიანს. იმიტომ, რომ რეალურად, დღეს უკრაინაში შექმნილი მდგომარეობა უნდა ყოფილიყო ზელენსკის მთავარი ამოცანა. ზელენსკის მიმართ დაიწყეს ახლა განდგომა შიგნით უკრაინაში, სხვადასხვა განცხადება კეთდება და თავად ზელენსკიმ თქვა, ფული მომცეს, მაგრამ ნახევარი სად წავიდა, არავინ არ იცის, ანუ, ამერიკელებმა მოიპარესო. ის ბიჭი რომ არის, რადას ნახევრად სულელი დეპუტატი, გვარი დამავიწყდა, რომ ამბობდა, გაილაშქრეთ აფხაზეთზეო, ის გამოვიდა და თქვა, შენ ჩრდილოეთ კორეელი დიქტატორი ხარო. მდგომარეობა თვითონ უკრაინაში არ არის იმდენად სტაბილური, რომ ზელენსკი მზად ყოფილიყო რაღაც საქმიან საუბარზე, თუ არ ექნება გარკვეული გარანტიები. მე ახლა ძალიან შევედი საექსპერტო ზონაში, რაც არასწორია ხშირ შემთხვევაში, მაგრამ რაკი შემეკითხეთ, ჩემი აზრი გაგიზიარეთ. იმიტომ, რომ კოლეგებთან საუბარი ჯერ არ მქონია ამ საკითხებთან მიმართებაში“, – განაცხადა ვოლსკიმ.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ერთი საკითხი არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი, რომ დღეს ეს კაცისკვლა უნდა შეწყდეს.

„წინააღმდეგ შემთხვევაში შეთანხმება არ შედგება დღეს. ალბათ, ხვალ-ზეგ, ღმერთმა ქნას, რაღაც უკეთესობისკენ შეიძლება, წავიდეს, მაგრამ რამდენიმე დღე და საათიც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

გიორგი ვოლსკიმ ასევე განაცხადა, რომ საქართველოს მიმართ დახურულ კარს მიღმა, თუ საჯაროდ პერმანენტულად იყო პირდაპირი მოთხოვნები, ქვეყნის გარე, თუ შიდა ძალების მხრიდან, რათა ქვეყანა საომარ პროცესებში ჩართულიყო, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ სწორი ნაბიჯები გადადგა, ქვეყანა ომს აარიდა და ამას საზოგადოება ახლა უფრო თვალნათლივ ხედავს.

ასევე იხილეთ