leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამერიკის მხარდაჭერა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ხისტი დიალოგის მიუხედავად, აშშ და უკრაინა სტრატეგიულ პარტნიორებად რჩებიან. ზელენსკის თქმით, უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამერიკის მხარდაჭერა, თუმცა „საჭიროა გულწრფელი და პირდაპირი მიდგომა“, რათა საერთო მიზნები რეალურად ესმოდეთ.

„ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია პრეზიდენტ ტრამპის მხარდაჭერა. მას ომის დასრულება სურს. არავის სურს მშვიდობა ჩვენზე მეტად, ჩვენ ვცხოვრობთ ამ ომში. ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის, ჩვენი გადარჩენისთვის.

როგორც ერთხელ პრეზიდენტმა რეიგანმა თქვა: „მშვიდობა არ არის ომის არარსებობა“. ჩვენ სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობაზე ვსაუბრობთ – თავისუფლებაზე, სამართლიანობასა და ადამიანის უფლებებზე. ცეცხლის შეწყვეტა პუტინთან არ იმუშავებს. მან 25-ჯერ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტა გასული ათი წლის განმავლობაში. რეალური მშვიდობაა გამოსავალი“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საუბრობს.

„რთული იქნება აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე, მაგრამ ჩვენ ვერ დავკარგავთ ნებას, თავისუფლებას ან ჩვენს ხალხს. უკვე ვნახეთ, თუ როგორ შემოვიდნენ რუსები ჩვენს სახლებში და დახოცეს უამრავი ადამიანი. არავის სურს ოკუპაციის ახალი ტალღა. ჩვენ თუ არ მიგვიღებენ ნატოში, დაგვჭირდება უსაფრთხოების გარანტიების მკაფიო სტრუქტურა ჩვენი მოკავშირეებისგან აშშ-ში“, – წერს ზელენსკი.

ამასთან, უკრაინის ლიდერი მზადყოფნას გამოთქვამს მინერალების შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე.

„ჩვენ მზად ვართ, ხელი მოვაწეროთ მინერალების შესახებ შეთანხმებას და ეს იქნება პირველი ნაბიჯი უსაფრთხოების გარანტიებისკენ, მაგრამ ეს არასაკმარისია. ამაზე მეტი გვჭირდება. ცეცხლის შეწყვეტა უსაფრთხოების გარანტიების გარეშე სახიფათოა უკრაინისთვის. უკვე სამი წელია, ვიბრძვით, უკრაინელ ხალხს სჭირდება, იცოდეს, რომ ამერიკა ჩვენ გვერდითაა“, – აღნიშნავს უკრაინის ლიდერი.

ზელენსკის თქმით, ევროპა მზად არის გაუთვალისწინებელი გარემოებებისთვის და მზადაა, გაუწიოს ფინანსური დახმარება უკრაინულ არმიას, „მაგრამ უსაფრთხოების გარანტიების განსასაზღვრად ამერიკის როლია საჭირო თუ რა სახის, რა მოცულობის იქნება ის და როდის“.

„უსაფრთხოების გარანტიები როდესაც გვექნება, შემდეგ შეგვიძლია, ვისაუბროთ რუსეთთან, ევროპასა და აშშ-თან დიპლომატიაზე“, – წერს ზელენსკი.

ასევე იხილეთ