უკრაინის ფინანსთა სამინისტრო: უკრაინა დიდი ბრიტანეთისგან თავდაცვის გასაძლიერებლად 3 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის სესხს მიიღებს, რომელიც რუსული გაყინული აქტივებით დაიფარება

უკრაინა დიდი ბრიტანეთისგან თავდაცვის გასაძლიერებლად 3 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის სესხს მიიღებს, რომელიც რუსული გაყინული აქტივებით დაიფარება, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
„დღეს უკრაინის ფინანსთა მინისტრმა სერგეი მარჩენკომ და დიდი ბრიტანეთის ხაზინის კანცლერმა რეიჩელ რივზმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინისთვის 2,26 მილიარდი გირვანქა სტერლინგის (დაახლოებით, 3 მილიარდი აშშ დოლარი) გადაცემის შესახებ.
ხელმოწერის ცერემონიაში, რომელიც ონლაინ ფორმატში შედგა, მონაწილეობა მიიღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა.
სახსრები “დიდი შვიდეულის” ქვეყნების Extraordinary Revenue Acceleration for Ukraine (ERA) მექანიზმის ნაწილია, რისი მთლიანი მოცულობაც 50 მილიარდი აშშ დოლარია. კრედიტი დაიფარება სამომავლო შემოსავლებით, რომლებიც მიღებული იქნება გაყინული რუსული სუვერენული აქტივებიდან,” – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ERA-ის მექანიზმის ფარგლებში უკრაინამ უკვე მიიღო 1 მილიარდი აშშ დოლარი აშშ-სგან და 3 მილიარდი ევრო ევროკავშირისგან.