Reuters: ვიქტორ ორბანი ევროკავშირს მოუწოდებს, დაიწყოს რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირს მოუწოდებს, დაიწყოს პირდაპირი მოლაპარაკებები რუსეთთან უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და უარი თქვას მომავალ კვირას დაგეგმილ სამიტზე ერთობლივი დეკლარაციის მიღებაზე. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტისადმი მიწერილ წერილში უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის შიგნით უკრაინასთან დაკავშირებით მიდგომებში სტრატეგიული სხვადასხვაობაა, რომლებიც ვერ გადაილახება.
“დარწმუნებული ვარ, ევროკავშირი, აშშ-ის მაგალითის შემდეგ, უნდა შევიდეს პირდაპირ მოლაპარაკებებში რუსეთთან უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისა და მდგრადი მშვიდობის შესახებ”,– აღნიშნავს ორბანი წერილში.
მისი თქმით, ეს მიდგომა არ შეესაბამება ერთობლივი განცხადების პროექტს, რომლის მიღებასაც ევროკავშირის სამიტზე გეგმავენ. შესაბამისად, ორბანი ევროკავშირს სთავაზობს, ნუ ეცდებიან უკრაინის შესახებ წერილობითი დასკვნების მიღებას.