ისრაელი მიიღებს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის წინადადებას ღაზაში, რამადანისა და პასექის დღესასწაულების პერიოდში, ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შესახებ, – Reuter-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა განაცხადა.
ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განმარტებით, უიტკოფის წინადადებით, ღაზაში დარჩენილი მძევლების ნახევარი ცეცხლის შეწყვეტის პირველ დღეს უნდა გათავისუფლდნენ, მეორე ნახევარი კი, ცეცხლის მუდმივად შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევის შემდეგ.
ნეთანიაჰუს ოფისის განცხადების საპასუხოდ, „ჰამასის“ მაღალჩინოსანმა, მაჰმუდ მარდავიმ აღნიშნა, რომ ეს აშკარა დადასტურებაა იმისა, რომ ისრაელი უარყოფს ადრე ხელმოწერილ გარიგებებს.
“ეს მუდმივი მანიპულირება მძევლებს თავიანთ ოჯახებს არ დაუბრუნებს. პირიქით, ეს გამოიწვევს მათ გაგრძელებულ ტანჯვას და საფრთხეს შეუქმნის მათ სიცოცხლეს”, – განაცხადა მარდავიმ.
შეგახსენებთ, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის პირველი ეტაპის ვადა, რომელიც ძალაში 19 იანვარს შევიდა, შაბათს ამოიწურა. შეთანხმებამ შეაჩერა 15-თვიანი ბრძოლა „ჰამასსა“ და ისრაელს შორის. პირველი ეტაპის დროს „ჰამასმა“ ისრაელს 33 ისრაელელი და ხუთი ტაილანდელი მძევალი გადასცა, რის სანაცვლოდაც, ისრაელმა 1 900 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა. ვარაუდობენ, რომ ღაზაში დარჩენილია 24 ცოცხალი და 39 გარდაცვლილი მძევალი.