ისრაელი დღეიდან ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შესვლას აჩერებს. როგორც პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში განმარტავენ, ეს არის საპასუხო ნაბიჯი „ჰამასის“ უარზე, რომელსაც არ სურს პირველი ფაზის გახანგრძლივება.
მხარეები ვერ თანხმდებიან შეთანხმების მომდევნო ნაბიჯებთან დაკავშირებით. შეთანხმების პირველი ფაზა შუაღამისას ამოიწურა. ისრაელს ამ ფაზის გახანგრძლივება სურდა, რათა ამავე ფაზაში დაიბრუნოს „ჰამასის“ ტყვეობაში დარჩენილი მძევლები.
„ჰამასს“ კი მეორე ფაზის დაწყება სურს, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა ცეცხლის დროებით შეწყვეტის რეჟიმი პერმანენტულით უნდა ჩაანაცვლონ და ისრაელის ძალებმა ღაზის ტერიტორია დატოვონ, რის შემდეგაც „ჰამასი“ დარჩენილ მძევლებს ისრაელს გადასცემს.
„ჰამასმა“ ისრაელის მიერ ჰუმანიტარული დახმარების წვდომის შეჩერებას „ომის დანაშაული“ უწოდა და ისრაელი შეთანხმების დარღვევის მცდელობაში დაადანაშაულა.
მანამდე აშშ-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა მხარეებს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივება შესთავაზა, რადგან გამოიკვეთა, რომ მეტი დროა საჭირო მეორე ეტაპის თაობაზე მოლაპარაკებებისთვის. ისრაელმა არსებული რეჟიმი ექვსი კვირის ვადით გაახანგრძლივა.