“შეიძლება გარკვეული ტექნიკური შესაძლებლობებით ჩამოვრჩებით, მაგრამ წვრთნის, მომზადების, მონდომების თვალსაზრისით, ქართველმა ჯარისკაცებმა არაერთ კუთხეში დაამტკიცეს, რომ არიან ღირსეული პარტნიორები, რომლებსაც შეიძლება დაეყრდნოს აბსოლუტურად ყველა”, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
„ბოლო პერიოდის განმავლობაში ყოველთვის გვქონდა ძალიან პოზიტიური დინამიკა – მას შემდეგ, რაც ნატო-მ დაადასტურა ღია კარის პოლიტიკა, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში. ჩვენ გვქონდა სხვადასხვა შესაძლებლობა სხვადასხვა სამიტზე, მიგვეღო გადაწყვეტილებები, რომელიც უშუალოდ საქართველოზე იქნებოდა მორგებული. ეს არის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სამოქმედო გეგმა და ასევე ნატო-საქართველოს თანამშრომლობის არსებითი პაკეტი. ეს ყველაფერი დინამიკურად ვითარდება და ჩვენ გვაქვს შედეგები, რომელიც ორიენტირებულია იმაზე, რომ კონკრეტული მიმართულებები განვავითაროთ. დეტალებზე პირდაპირ ეთერში ვერ ვისაუბრებ, თუმცა ეს არის ის შესაძლებლობები, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განვითარებას. დღეს ამაყი ვარ. დღეს არსებობს როგორც ცოდნა, გამოცდილება, ასევე დადასტურებული მაგალითები, თუ როგორ მაღალ დონეზე შეუძლია აწარმოოს და შეასრულოს ამოცანები თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა.
არცერთი შემთხვევა არ ყოფილა, როდესაც რაიმე ფორმით ჩვენი თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, ჯარისკაცები ჩამორჩებოდნენ ალიანსის წევრ სახელმწიფოებს. შეიძლება გარკვეული ტექნიკური შესაძლებლობებით ჩამოვრჩებით, მაგრამ წვრთნის, მომზადების, მონდომების თვალსაზრისით, ქართველმა ჯარისკაცებმა არაერთ კუთხეში დაამტკიცეს, რომ არიან ღირსეული პარტნიორები, რომლებსაც შეიძლება დაეყრდნოს აბსოლუტურად ყველა. უფრო მეტიც, ჩვენ როდესაც ვსაუბრობდით იმაზე, რომ საქართველო არ არის მხოლოდ უსაფრთხოების მომხმარებელი და არის ასევე უსაფრთხოების გამცემი სახელმწიფო, ეს არაერთხელ დაგვიმტკიცებია“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.