დღეს, საქართველოს ეროვნული გმირის, გურამ გაბესკირიას დაბადების დღეა, მას 78 წელი შეუსრულდებოდა. ამ დღესთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია, აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები და ვეტერანები გურამ გაბესკირიას საფლავზე იმყოფებოდნენ. მათ ეროვნული გმირის საფლავი ყვავილებით შეამკეს და კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი მის ხსოვნას.
გაბესკირია 1947 წლის 2 მარტს, ქალაქ სოხუმში დაიბადა. დაამთავრა მაქსიმ გორკის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. წლების განმავლობაში, დაკავებული იყო პროფესიული ფეხბურთით. 1992 წელს, გურამ გაბესკირია სოხუმის მერი გახდა, ხოლო 1993 წელს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს და თავდაცვის საბჭოს წევრი.
1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებსა და მათ თანმხლებ პირებთან ერთად, გურამ გაბესკირიამ უარი განაცხადა ალყაში მოქცეული ქალაქის დატოვებაზე; იგი, მათთან ერთად, ტყვედ აიყვანეს. აფხაზმა სეპარატისტებმა, რუსმა და ჩრდილოკავკასიელმა ბოევიკიებმა, დატყვევებული მთავრობის წევრები და მათი თანმხლები პირები, პარლამენტის შენობის გარეთ გამოიყვანეს და დაჩოქება უბრძანეს. „არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ’’_ უპასუხა მტერს გურამ გაბესკირიამ, რის შემდეგაც, იგი ტყვედ ჩავარდნილებთან ერთად დახვრიტეს.
2017 წლის 27 სექტემბერს, გურამ გაბესკირიას, საქართველოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობის, გამორჩეული გმირობისა და თავდადებისათვის, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. ამავე წლის ოქტომბერში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით, სოხუმის დაცემის დღეს, სეპარატისტების მიერ დახვრეტილი 25 პირის, მათ შორის, გურამ გაბესკირიას ნეშტის იდენტიფიცირება და გადმოსვენება განახორციელა.
2017 წლის 17 ოქტომბერს, გურამ გაბესკირია, დიღმის ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალეს.