მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ გამოვხატეთ სურვილი, აშშ-ის რეზოლუციის თანასპონსორობაზე. ამავდროულად, ჩვენ დავრჩით უკრაინის რეზოლუციის თანასპონსორებიც და ასე გამოვხატეთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინასთან მიმართებაში

ეს იყო ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკის გაგრძელება, როდესაც ინიციირებული იყო რეზოლუცია ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. ჩვენ გამოვხატეთ სურვილი, რომ ამ რეზოლუციის თანასპონსორები ვყოფილიყავით. გამომდინარე იქიდან, რომ რეალურად ეს არის გახმოვანება იმ პოზიციისა, რომელსაც ჩვენ სამი წელია, ერთგულად და თანმიმდევრულად მიყვებით, რომ ჩვენ გვსურს მშვიდობა, გსურს მშვიდობა უკრაინასა და რეგიონში და ეს უკავშირდება მთლიანად ევროპულ უსაფრთხოებას, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აშშ-ის და უკრაინის რეზოლუციების თანასპონსორობაზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“.
„ჩვენგან არათანმიმდევრული იქნებოდა, თუკი ამ რეზოლუციას არ დავუჭერდით მხარს და წავიდოდით მის წინააღმდეგ. ამავდროულად, ჩვენ დავრჩით უკრაინის რეზოლუციის თანასპონსორებიც და ასე გამოვხატეთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინასთან მიმართებაში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ საერთაშორისო ნორმების ერთგულება, რომელიც არსებობს, რაზეც დგას და უნდა იდგეს საერთაშორისო წესრიგი. მათ შორის არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელიც შეეხება ტერიტორიული მთლიანობის დაცვას და ტერიტორიულ მთლიანობის პრინციპს.
გასულ კვირას რაც მოხდა გაეროში, იყო ჩვენი ქართული მხარის თანმიმდევრული პოზიციის გამოხატულება. ერთის მხრივ ჩვენ ვუჭერთ მხარს მშვიდობას, საერთაშორისო პრინციპების დაცვას და ამგვარად პრობლემების მოგვარებას. რა თქმა უნდა ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, მის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ეს იყო ჩვენი განაცხადი იმ ნაბიჯებით, რაც გადაიდგა ქართული დელეგაციის მხრიდან გაეროში გასულ კვირას“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.