„სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს დეზინფორმაციის გავრცელებას და სიცრუის ტირაჟირებას საზოგადოებაზე ზემოქმედების მიზნით“, – განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ.
მიქანაძის თქმით, მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს საზოგადოების აზრის ფორმირებაზე, ამდენად მნიშვნელოვანია, რომ მედია „ფეიკ ნიუსების“ გამავრცელებელი არ იყოს.
„ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით რიგი საინფორმაციო საშუალებების მხრიდან დეზინფორმაციის აქტიურ ტირაჟირებას, რაზეც არანაირი პასუხისმგებლობა არ არის. სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს დეზინფორმაციის გავრცელებას და სიცრუის ტირაჟირებას საზოგადოებაზე ზემოქმედების მიზნით“, – აღნიშნა მიქანაძემ.
მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომელიც პირველი მოსმენით დღეს კომიტეტზე დამტკიცდა, მოიცავს იმ სტანდარტებს, რომელიც ბრიტანეთში ათეულობით წლებია მოქმედებს და არავის ჯერ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია სიტყვის თავისუფლება აღნიშნული კანონმდებლობით გათვალისწინებული მარეგულირებელი კონტექსტიდან გამომდინარე.
„ისმის კითხვა – რატომ არ შეიძლება, მოქმედებდეს იგივე კანონი საქართველოში, რომელიც არეგულირებს ისეთ საკითხებს, რაც არანაირად არ ზღუდავს სიტყვის თავისუფლებას და უმთავრეს ამოცანად მოიაზრებს, ჩვენი საზოგადოება დაცული იყოს დეზინფორმაციისა და სიცრუის ტირაჟირებისგან. სწორედ ამას ემსახურება ინიციირებული კანონმდებლობა“, – განაცხადა მიქანაძემ.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა. კანონპროექტი ითვალისწინებს მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღების შეზღუდვას, გარდა კომერციული რეკლამისა, ტელეშოპინგისა, სპონსორობისა და პროგრამაში პროდუქტის ან მომსახურების განთავსებისა.