სოციალურ ქსელში ნიდერლანდებში მცხოვრებმა ქართველმა – მაია ბაჩანაშვილმა ფიზიკური დაპირისპირების ამსახველი ვიდეო გაავრცელა. როგორც თავად წერდა, კადრებზე აღბეჭდილია დაპირისპირება რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, იუმორისტ მიშა ანდღულაძესა და ქართველ ემიგრანტებს შორის.
პოსტის ავტორის ინფორმაციით, მიშა ანდღულაძემ “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს რუსები უწოდა, რამაც სავარაუდოდ, ადგილზე მყოფი მოქალაქეების გაღიზიანება გამოიწვია.
უცხოეთში მყოფმა იუმორისტმა ფიზიკური დაპირისპირება დაადასტურა და განაცხადა, რომ საქმეს ჰააგის პოლიცია იძიებს.
მისი აზრით, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა. იგი ამბობს, რომ “მარტივი კრიტიკის გამო” დაესხნენ თავს, თანაც ჰააგაში?!
როგორც ანდღულაძე აცხადებს, მანამდე მას საქართველოშიც სცემეს რელიგიურ თემაზე ხუმრობის გამო.
“ადრეც იყო ჩემზე თავდასხმები, საქართველოს პროკურატურამ ძალიან კარგად გამოიძია ეს საქმე და დაიბარეს ის ადამიანები. შემდეგ მე დამიბარეს და მითხრეს, შეგიძლია ქუჩებში თავისუფლად იარო და არაფერი გემუქრებაო. პოსტი რაც დადეს, თითქოს მე “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს რუსები ვეძახე და ამიტომ გამისწორდნენ, ეს არის გამიზნული ტყუილი. მე წინასწარ დასკვნებს ვერ გავაკეთებ. ეს ჯგუფი მოემზადა წინასწარ და თავს დამესხნენ, მეგობარმა გადამარჩინა. ისეთი აგრესიულები იყვნენ ვერც გავიგე, რა მოხდა. ჯერ რანაირი ქრისტიანობაა, ათი ერთს დაესხას თავს. კომენტარები რომ ვნახე, ვიღაცებს უხარიათ ადამიანების ცემა და მხოლოდ ნაცებად და ქოცებად განიხილავენ ადამიანებს. შეგვიძლია, რომ მარტივი კრიტიკის გამო ადამიანებს თავს დავესხათ, თან სად – ჰააგაში?! ვნახოთ, საქმე აღძრულია, ყველამ პასუხი უნდა ვაგოთ ჩვენს ქცევებზე. ასეთი დაგეგმილი, მასშტაბური თავდასხმა, გადაიღეს. დაგეგმილია, შეკვეთილია თუ რა მიზანი ჰქონდათ, ვნახავთ… დაველოდოთ გამოძიებას”, – განუცხადა მიშა ანდღულაძემ “ამბებს”.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ (2024 წლის აგვისტოში) სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც მიშა ანდღულაძე ქრისტიანობის მთავარ სიმბოლოზე – ჯვარზე მასხრობს.
“განსაკუთრებით ბევრი ჯვარი მხვდება ქალაქში. აი, რაღაც უცნაურ ადგილებში აღმართული და დასობილი ჯვრები, რას ნიშნავს არ ვიცი. რამე აქციაა? ერთ-ერთი ჯვარი არის შუქნიშნის გადასასვლელთან და ვერ ვიგებ, რატომ არის, აქ უფრო დაცული ხარ? ქრისტიანების გადასასვლელია თუ რატომ არის?”, – ამბობს მიშა ანდღულაძე ვიდეოში.
მის ამ ხუმრობას მაშინაც მწვავე რეაქცია მოჰყვა ქართული საზოგადოების ნაწილის მხრიდან. საქართველოს პროკურატურაც სწორედ იმ დაპირისპირების ფაქტს იძიებდა.