აშშ-ის ტარიფების საპასუხოდ, კანადა ამერიკულ საქონელზე 25%-იან ტარიფებს აწესებს. აღნიშნულის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ გამოაცხადა.
კერძოდ, კანადის ტარიფები 30 მილიარდი კანადური დოლარის ღირებულების ამერიკულ საქონელზე 4 მარტიდან ამოქმედდება, 21 დღეში კი ძალაში შევა ტარიფები 125 მილიარდი კანადური ღირებულების საქონელზე.
„ჩვენი ტარიფები ძალაში დარჩება, ვიდრე აშშ არ გააუქმებს სავაჭრო ზომებს და აშშ-ის ტარიფები თუ არ გაუქმდება, ჩვენ პროვინციებთან და ტერიტორიებთან ვაწარმოებთ აქტიურ მოლაპარაკებებს რამდენიმე არასატარიფო ზომასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ჯასტინ ტრიუდომ.
აშშ-ის საპასუხო ტარიფებს უწესებს ჩინეთიც. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კანადისა და მექსიკის მიმართ დაწესებული 25-პროცენტიანი ტარიფები 4 მარტს შევა ძალაში. ასევე აშშ-მა დამატებითი ტარიფები დააწესა ჩინურ საქონელზე. დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ჩინურ საქონელზე ტარიფის გაორმაგებას – 10%-დან 20%-მდე გაზრდას, ითვალისწინებს.
ამერიკულ საქონელზე საპასუხო ტარიფები გამოაცხადა პეკინმაც, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფის გაორმაგების შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, – იუწყება CNN.
მისივე ცნობით, ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს სატარიფო კომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 15%-იანი ტარიფი დაწესდება – ქათმის ხორცზე, ხორბალზე, სიმინდსა და ბამბაზე. 10%-იანი ტარიფი კი დაწესდება: სორგოზე, სოიაზე, ღორის და საქონლის ხორცზე, ზღვის პროდუქტებზე, ხილზე, ბოსტნეულსა და რძის პროდუქტებზე.
წყარო: spnews.ge და ipress.ge