leaderboard_below_slide
left_sabechdi

“ეს არ იყო ხაფანგი ზელენსკისთვის. ტრამპი ამზადებს შეთანხმებას, რომელსაც „ოქროს რუკა“ ჰქვია”

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილმა მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრა. youtube არხზე ვრცელ ინტერვიუში არესტოვიჩი მიმოიხილავს, რა მოხდა თეთრ სახლში და რა შეიძლება მოჰყვეს პრეზიდენტების სკანდალურ შეხვედრას.

“შეხვედრაზე ყველაფერი ცუდად წავიდა მაშინ, როცა ზელენსკიმ ტრამპის პაროდირება გადაწყვიტა. ის იმავე ჟესტს აკეთებს, აწყვეტინებს და ამბობს, მე ვიცი, რომ თქვენსა და ევროპას შორის მშვენიერი ოკეანეა და თქვენ არაფრის გეშინიათ.

ეს ფრაზა აქამდე ტრამპმა თქვა და ზელენსკიმ ამის პაროდია გააკეთა და ტრამპმა მაშინვე სცადა მისი შეჩერება. შემდეგ ჩაერთო საუბარში ვენსი, რომელმაც უთხრა, რომ მას რიტორიკა უნდა შეეცვალა, ზელენსკიმ დაიწყო პირდაპირი კამათი ვენსთან და ტრამპის იგნორირება გააკეთა, რაც იერარქიის დარღვევაა. წარმოიშვა სიტყვიერი კამათი და დასრულდა იმით, რითაც დასრულდა…

აქედან შეიძლება მხოლოდ ამ დასკვნის გაკეთება: ეს არ იყო ხაფანგი ზელენსკისთვის, როგორც არ უნდა გვიყვებოდნენ ჩვენ ის ხალხი, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ თითქოს ზელენსკი იქ მიიტყუეს. აქ არ ჩანს თამაში, აქ ჩანს ადამიანები, რომლებიც არც თუ ისე სასიამოვნოდ არიან ერთმანეთის მიმართ განწყობილი. ზელენსკი იქ მივიდა პრეტენზიებით დიქტატორობასა და 4%-ზე, ამ შეხვედრიდან გასაკვირი ის არის, პირველი 40 წუთი რომ მშვიდად საუბრობდნენ. ამ კამათიდან ნათელი იყო, რომ ამის გათამაშება შეუძლებელი იქნებოდა. ეს იყო გულწრფელი კამათი. ითქვა რამდენიმე საკვანძო საკითხი: უსაფრთხოების გარანტიები, მადლიერება – ტრამპმა თქვა, რომ თქვენ უნდა იყოთ მადლიერები. ამ შეხვედრის შემდეგ კი დავინახეთ, რომ ევროპა უკრაინის დასახმარებლად გაიქცა…

რატომ მოითხოვს ტრამპი მადლიერებას? რასაც ვერ ხვდება ვერც უკრაინა და ვერც ევროპა, ის ამზადებს შეთანხმებას, რომელსაც „ოქროს რუკა“ ჰქვია. ეს არის ყველა ვარიანტზე საუკეთესო ვერსია უკრაინისთვის. მას არ დაუწყია ომი, მას ეს ყველაფერი მემკვიდრეობით დარჩა, როგორც ტრამპი ამბობს, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ომი საერთოდ არ დაიწყებოდაო. ის ამბობს, რომ მადლიერები უნდა იყოთ, რადგან იმ სიტუაციაში, რომელიც მე საერთოდ არ უნდა მქონდეს და რომელიც მემკვიდრეობით დამრჩა, ისე ვარ ჩართული საკითხის მოგვარებაში, არ გტოვებთ და არ გეუბნებით, რომ ბაიდენთან გაარკვიეთ სიტუაციაო, ისე ვაგვარებ სიტუაციას, რომ ყველა შესაძლო ვარიანტიდან თქვენ საუკეთესოს იღებთ და ამის გარანტი ინვესტიციებია.

უფრო მეტიც, ის ახალ მსოფლიო წყობას აყალიბებს, სადაც მშვიდობა ეკონომიკით დამყარდება. უკრაინა ერთ-ერთი მთავარი წერტილია, მეორე კი არქტიკაშია. ის აყალიბებს ახალ მსოფლიო წყობას, სადაც გეოპოლიტიკა არა ომით და შეიარაღებული დაპირისპირებით, არამედ ფულის ერთად გამომუშავებით გადაწყდება.

თუ დააკვირდებით, ტრამპი ამ კამათისას დიდი ხანი ითმენდა, ზელენსკის დამშვიდებისკენ მოუწოდებდა. კამათის შემდეგაც კი, როცა ყველა ამბობდა, რომ ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს, ტრამპის კომენტარი აღნიშნავს, რომ ის არ ხურავს კარს. ბევრი შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, ვინ რა და როგორ თქვა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ აქ ორი სამყარო, ახალი და ძველი დაეჯახა ერთმანეთს” – ამბობს არესტოვიჩი.

წყარო: “კვირის პალიტრა”

ასევე იხილეთ