ამირან სალუქვაძე: ის, რომ ამერიკა აჩერებს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას, პროგნოზირებადი იყო, თუმცა ძალიან სამწუხაროა, რადგან პოლიტიკოსების გაუგებრობების გამო უკრაინელი ჯარისკაცები ძალიან სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდებიან

ის, რომ ამერიკა აჩერებს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას, პროგნოზირებადი იყო, თუმცა ჩემი პოზიციით, ეს არის ძალიან სამწუხარო, რადგან უკრაინელი ჯარისკაცები გმირულად იბრძვიან ბრძოლის ველზე და პოლიტიკოსების გაუგებრობების გამო, ფაქტობრივად, ძალიან სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ.
მიაი თქმით, მოულოდნელი იყო თვითონ ის, რაც მოხდა ოვალურ კაბინეტში, დანარჩენი, ტრამპის
ქმედებები პროგნოზირებადი იყო იქიდან გამომდინარე, რომ ის ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში აცხადებდა თავის გეგმებს ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით.
„შემდგომში, მისი არჩევის შემდეგ, უკვე ინაუგურაციიდან ფაქტობრივად, პირველი წუთებიდან, იყო უკრაინაზე საუბარი და ჩვენთვის ცნობილი იყო როგორც ტრამპის, ასევე განსაკუთრებით კიტ კელოგის ე.წ. ფორმულა, რას მოიცავდა ის, თუ მხარეები დასხდებოდნენ ან არ დასხდებოდნენ სამშვიდობო მოლაპარაკეების მაგიდასთან. კელოგის გეგმა ითვალისწინებდა როგორც სასჯელებს იმ მხარისთვის, რომელიც არ წავიდოდა ტრამპის გეგმის მხრივ, ან პირიქით, დივიდენდებს თუ მოლაპარაკებები წარიმართებოდა ტრამპის გეგმის შესაბამისად. მთავარი იყო მხარეების მიერ პოზიციების დაფიქსირება, თუ რამდენად იყვნენ ისინი, ვგულისხმობ რუსეთს და ამერიკას, მშვიდობისათვის მზად.
რაც მოხდა უკვე ამ ოვალური კაბინეტის ინციდენტის შემდეგ და დღეს უკვე საბოლოოდ გახდა ცნობილი, რომ ამერიკა აჩერებს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას, კიდევ ვიმეორებ, რომ ეს პროგნოზირებადი იყო. ერთი ადამიანის პოზიციას გეტყვით, რომ ეს არის ძალიან სამწუხარო იმიტომ, რომ უკრაინელი ჯარისკაცები, ოფიცრები გმირულად იბრძვიან ბრძოლის ველზე და პოლიტიკოსების რაღაც გაუგებრობების გამო, ფაქტობრივად, ძალიან სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდებიან“, – აღნიშნა სალუქვაძემ.
მან ასევე ისაუბრა კიევისა და ვაშინგტონის კომუნიკაციის აღდგენის თაობის შანსებზეც. სალუქვაძის თქმით, თეთრი სახლის ადმინისტრაცია ითხოვს ოფიციალური ბოდიშის მოხდას ზელენსკისგან და ბოდიშის შემთხვევაში გამოთქვამს მზადყოფნას შეთანხმების ხელმოწერაზე, რაც ადასტურებს იმას, რომ ტრამპის ოპონენტები ცდებიან და ეს ყველაფერი არ ყოფილა რაღაც სპეციალურად მოწყობილი.
„უკრაინის პირველი პირის გადასაწყვეტია, ჩემი აზრით, ის სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გამოვიდეს. გაიაროს კონსულტაციები თავის დიპლომატებთან და თუ მიხვდა იმას, რომ იქ რაღაც არ წარიმართა ისე, როგორც უნდა წარმართულიყო, ბოდიშის მოხდა მე მგონი პრობლემას არ წარმოადგენს, ასეთ სიტუაციებში, როცა სახელმწიფოს ინტერესები დგას სასწორზე“,- აღნიშნა სალუქვაძემ.