Reuters: ტრამპი კონგრესში სიტყვით გამოსვლისას უკრაინასთან მინერალების შესახებ შეთანხმების მიღწევაზე განცხადების გაკეთებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია და უკრაინული მხარე გეგმავენ, მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელი ოვალურ კაბინეტში მოაწერონ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც სააგენტო განმარტავს, დონალდ ტრამპმა მრჩევლებს უთხრა, რომ შეთანხმების მიღწევის შესახებ განცხადების გაკეთება მას კონგრესში სიტყვით გამოსვლისას სურს, თუმცა წყაროები განმარტავენ, რომ შეთანხმება ჯერ კიდევ არ არის ხელმოწერილი და სიტუაცია შეიძლება, შეიცვალოს. უცნობია ისიც, შეიცვალა თუ არა შეთანხმების პირობები.
ცნობისთვის, გასულ კვირას თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა კამათის ფონზე წარიმართა, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გაუქმდა, უკრაინის პრეზიდენტმა კი თეთრი სახლი დატოვა. სწორედ ამ შეხვედრაზე მხარეებს ხელი უნდა მოეწერათ მინერალების შესახებ შეთანხმებისთვის.