leaderboard_below_slide
left_sabechdi

ნანა კაკაბაძე: სწორი პოლიტიკური არჩევანის გამო შეარქვეს ბიძინა ივანიშვილს “რუსი ოლიგარქი” ხელმოცარულმა, არჩევნებში მუდმივად წაგებულმა უნიათო ოპოზიციონერებმა, მათმა ტელევიზიებმა და ჯიბის NGO-ებმა

“ლიბერალური პროპაგანდისაგან ტვინგამორეცხილი ადამიანები საქართველოშიც და მთელ მსოფლიოშიც აშშ-ს პრეზიდენტს რუსეთუმეს და პუტინის მოკავშირეს ეძახიან. ადამიანების მეორე, შედარებით გულწრფელი კატეგორია კი, რომელიც მთლად ლიბერალური პროპაგანდის მსხვერპლს არ წარმოადგენს, უბრალოდ, პოლიტიკურად ბეცია”, – წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ნანა კაკაბაძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ძირითადად, უკრაინელების სიცოცხლესა და ამერიკელების ფულებს ამოფარებული წამქეზებელი ევროპული ქვეყნები მხოლოდ გამამხნევებელი შეძახილებით გამოხატული გულშემატკივრობით და სოლიდარობით გამოირჩევიან, ამ ფონზე კი, დონალდ ტრამპს არ ესმის, რატომ უნდა გადაყაროს დამატებითი რესურსი იქ, სადაც ცოცხალი ძალა თითქმის ამოწურულია და ამერიკული იარაღი და ფული ან კორუფციონერთა ჯიბეში ილექება, ან ბრძოლის ველზე ნადგურდება.

კაკაბაძის განცხადებით, ტრამპის მსგავსად, ბიძინა ივანიშვილსაც სწორი პოლიტიკური არჩევანის გამო შეარქვა ქართულმა ოპოზიციამ და მასთან დაკავშირებულმა მედიამ თუ არასამთავრობო ორგანიზაციებმა “რუსი ოლიგარქი”.

“ახალი პოლიტიკური რეალობა და საქართველო ლიბერალური პროპაგანდისაგან ტვინგამორეცხილი ადამიანები საქართველოშიც და მთელ მსოფლიოშიც აშშ-ს პრეზიდენტს რუსეთუმეს და პუტინის მოკავშირეს ეძახიან.
ადამიანების მეორე, შედარებით გულწრფელი კატეგორია კი, რომელიც მთლად ლიბერალური პროპაგანდის მსხვერპლს არ წარმოადგენს, უბრალოდ, პოლიტიკურად ბეცია. მათ არ ესმით, რომ ამერიკის სიძლიერისთვის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის, მთავარია პოლიტიკური ინტერესები და არა პოლიტიკური თუ ადამიანური გემოვნებები და გრძნობები. ნებისმიერი გონიერი მმართველი ცდილობს კონკრეტულ სიტუაციაში სწორად განსაზღვროს, რომელი ქვეყნის (და არა როგორი ქვეყნის) მეკავშირეობაა მისი ქვეყნისთვის საჭირო.

ტრამპი და მისი გუნდი კარგად ხედავენ, რომ ზელენსკის მხარდაჭერა ომში არ არის თანხვედრაში ამერიკის ინტერესებთან. ბიზნესმენმა პრეზიდენტმა კარგად დათვალა ხარჯი და შედეგი მისი ქვეყნისთვის, დაინახა, რომ ამ ომში ჩაყრილმა ფულმა ვერც უკრაინას არგო (ქვეყანა განადგურების პირასაა) ვერც ამერიკას და ვერც ევროპას. მიუხედავად ამისა, ევროპის ქვეყნების უმრავლესობა (ბალტიისპირელების, ბრიტანელების და პოლონელების თამადობით) განსაკუთრებული დაჟინებით, აგრესიულობით და სისტემატური ყიჟინით მოუწოდებენ უკრაინელებს, მიდით ბიჭებო, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, ბოლო უკრაინელამდე იბრძოლეთ და ჩვენ გულშემატკივრობას არ მოგაკლებთო. ერთი შეხედვით, ისინიც ლიბერალური პროპაგანდის მსხვერპლებს ჰგვანან, რომლებიც საკუთარ თავს და ერთმანეთს იმით აშინებენ, რომ უკრაინის შემდეგ რუსეთი ჩვენ მოგვადგებაო, მაგრამ რეალურად ამ შემთხვევაშიც მხოლოდ მერკანტილურ სარგებელზე ფიქრობენ.
ფაქტია, რომ ასეთი წამქეზებელი ქვეყნები უკრაინაში საკუთარი ჯარისკაცების საზარბაზნე ხორცად გაგზავნას გულშიც არ გაივლებენ, ხოლო მათი ქვეყნებიდან მოხალისეები იმდენად მცირე რაოდენობით მიდიან უკრაინაში საბრძოლველად, რომ ალბათ ცალკე აღებული თითქმის ყველა ამ ქვეყნიდან უკრაინაში საომრად წასული მოხალისე საქართველოდან იქ მებრძოლ მოხალისეებზე ნაკლებია.
ძირითადად უკრაინელების სიცოცხლესა და ამერიკელების ფულებს ამოფარებული წამქეზებელი ევროპული ქვეყნები მხოლოდ გამამხნევებელი შეძახილებით გამოხატული გულშემატკივრობით და სოლიდარობით გამოირჩევიან. აგერ, სულ ახლახან თეთრი სახლის ოვალურ დარბაზში მომხდარი გახმაურებული ინციდენტიდან 2 დღეში, ლონდონში მოეწყო, „მსოფლიო ლიდერობაზე პრეტენზიის და აშშ-ს ჩანაცვლების“ სამიტი, მაგრამ იქაც მხოლოდ ლოზუნგები იყო და უკრაინისთვის რეალური არაფერი შეუთავაზებიათ. ისევ მხოლოდ დაპირებები, „რომ ბოლომდე უკრაინის გვერდით“ იქნებიან და ა. შ. მაგრამ მათ უნიათო განცხადებებში 2 რამ იპყრობდა ყურადღებას: ჯერ ერთი, აღიარეს, რომ აშშ-ს გარეშე ვერ უზრუნველყოფდნენ უკრაინის უსაფრთხოებას და მეორეც, მათი ლექსიკონიდან საერთოდ გაქრა სიტყვები „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის“ აუცილებლობის შესახებ. არადა, კარგად გვახსოვს, ადრე ჯერ უკრაინის 1991 წლის საზღვრებში აღდგენას მოითხოვდნენ, მერე 2014 წლამდე საზღვრების, ბოლოს 2022 წლის 24 თებერვლამდე პერიოდის საზღვრების, ახლა კი უკვე ეს მოთხოვნაც გამქრალიყო ლონდონის სამიტის მონაწილეების გამოსვლებში. ისინი კარგად ხედავენ, რომ უკრაინას თავისი ტერიტორიების დაახლოებით 20%-ის დათმობაზე დათანხმება მოუწევს.
პრეზიდენტ ტრამპს არ ესმის, რატომ უნდა გადაყაროს დამატებითი რესურსი იქ, სადაც ადგილობრივი რესურსები (მეომრები) თითქმის ამოწურულია და ამერიკული იარაღი და ფული ან კორუფციონერთა ჯიბეში ილექება, ან ბრძოლის ველზე ნადგურდება. შედეგი კი ის არის, რომ რუსები ყოველდღიურად სულ უფრო მეტ უკრაინულ ტერიტორიებს იპყრობენ. ამ ფონზე რა გასაკვირია, რომ ამერიკის ხელისუფლებამ განაცხადოს – „არა, ძვირფასო უკრაინელებო და ევროპელებო, ეს არ შედის აშშ-ს ინტერესებში და თუ თქვენ ეს მოგწონთ, მაშინ საკუთარი ჯიბიდან დააფინანსეთ ეს ყველაფერი“-ო.
აქედან გამომდინარე დადგა ამერიკა იქით მხარეს, სადაც წაგებულის იმიჯს აიცილებს, ანუ სადაც ომის დასრულების და მშვიდობის დამყარების მსურველები არიან, ასეთი არჩევანით, ომის დასრულების შემთხვევაში ამერიკასაც ეძლევა საშუალება აინაზღაუროს ფუჭად გადაყრილი მილიარდები, ასევე უკრაინამაც შეინარჩუნოს დარჩენილი გენოფონდი და დარჩენილი ტერიტორია. ტრამპის ასეთი პოლიტიკით, უკრაინელებსაც უსაფრთხოების უფრო მეტი გარანტია ექნებათ, ვიდრე ნატო-ნატოს ძახილით და ამის გამო უაზრო სისხლის ღვრით.
დღეს უკვე ღიად მიდის საუბრები იმის შესახებ, რომ ნატოში რეალური გაწევრიანება დღის წესრიგში არც არასოდეს მდგარა საქართველოსა და უკრაინისთვის. ვინ რისთვის ან რატომ აგულიანებდა ამ ქვეყნებს და უსახავდა ტყუილ იმედებს, ეგ კიდევ გასარკვევია.
მხოლოდ ტვინგამორეცხილებისთვის არის გაუგებარი, რატომ ჯობია, წაგებულ ომში წაგებულის მხარეს დგომას, უაზროდ გადაყრილ ფულს, საკუთარი ხაზინის დაცარიელებას, შუამავლის და მომლაპარაკებლის როლის მორგება.
70 წელი ფაშიზმზე გამარჯვებაზე იდგა სსრკ-ს უძლეველობის იმიჯი, რომელიც დღესაც მოჰყვება რუსეთს, ასევე ყველას ახსოვს რუსების სხვა ომებში გამარჯვებები, ლიბერალი ტვინგამორეცხილები კი იმასაც ვერ ხვდებიან, რომ სწორედ პუტინის უძლეველობის მითის გაძლიერებას უწყობენ ხელს, რადგან ქმნიან სურათს, რომ მას მთელი დასავლეთი ებრძვის და მაინც ვერ აჩერებს. ის ვინც დღეს რუსეთის უძლეველობის იმიჯს წინ აღუდგა, სწორედ პრეზიდენტი ტრამპია, რომელიც ცდილობს გადაარჩინოს საკუთარი ქვეყნის იმიჯიც და ვინაიდან ევროპა არ იშლის თავისას, ის ემიჯნება ევროპასაც და დგება იქ, სადაც გადაარჩენს უკრაინის დარჩენილ ნაწილს და არ დაუთმობს რუსეთს მთელ უკრაინას.
ვისაც ეს არ ესმის და მაინც პოლიტიკურ პროგნოზებსა და ილუზიებშია, მათ საქართველოც მკაფიოდ უნდა გაემიჯნოს და შეიძინოს პოლიტიკურად მოაზროვნე ქვეყნის იმიჯი. სწორედ ამის გაკეთებას ცდილობს ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი.
ბიძინა ივანიშვილსაც ხომ ზუსტად იდენტური, სწორი პოლიტიკისთვის ასანქცირებენ გარეთ მყოფი კორუფციასა თუ სიბნელის წყვდიადში ჩაძირული პოლიტიკოსები. ზუსტად სწორი პოლიტიკური არჩევანის გამო შეარქვეს ბიძინას “რუსი ოლიგარქი” ხელმოცარულმა, არჩევნებში მუდმივად წაგებულმა უნიათო ოპოზიციონერებმა, მათმა ტელევიზიებმა და ჯიბის NGO-ებმა.
ქართველი ხალხის უმრავლესობა მართლაც ბრძენი ყოფილა, რაც 26 ოქტომბრის არჩევნებმაც დაადასტურა, მაგრამ საფიქრალი და თავში სახლელი რჩება საზოგადოების ტვინგამორეცხილი ან პოლიტიკურად ბეცი ნაწილი, რომელთაგან ზოგი ყიჟინით, სტვენით, დოლების ბრახუნით, ცეცხლით თუ უცეცხლო პროტესტებით, ან კლავიატურაზე კაკუნით ცდილობს საქართველოს მომავალი წარმატებული გზის გამრუდებას.
იმედის მომცემია ის, რომ ისინი ქართველი ხალხის უმცირეს ნაწილს წარმოადგენენ.
და ბოლოს: ეს პოსტი უკვე დაწერილი იყო, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი წარდგა კონგრესის წინაშე ორსაათიანი მოხსენებით. მოხსენების დროს რამდენჯერმე მსხვილი პლანით აჩვენეს, თუ ნერვიულობისაგან როგორ იკვნეტდა ტუჩებს კონგრესის ყოფილი სპიკერი, 85 წლის ნენსი პელოსი, რადგან ტრამპის მოხსენება იყო მისი ცხოვრების მთელი ლიბერასტული ფილოსოფიის თავდაყირა დაყენება და ნგრევა. წარმომიდგენია რა ძალით იკვნეტდნენ ტუჩებს ამ მოხსენების მოსმენისას ქართველი ლიბერასტები, როდესაც ხედავდნენ, თუ რამდენ რამეში ემთხვეოდა ერთმანეთს ქართული ოცნებისა და დონალდ ტრამპის პოზიციები”, – წერს ნანა კაკაბაძე.

ასევე იხილეთ