leaderboard_below_slide
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: დეგნანი ამას მკაფიოდ მოითხოვდა, მისი თანაშემწე კი ჩემს პასუხებს იწერდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღეებში საქართველოში აშშ-ს ყოფილ ელჩთან – კელი დეგნანთან შეხვედრის დეტალებს ასაჯაროებს:

„კელი დეგნანი საქართველოში არ იმყოფებოდა. ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში დაბრუნდა და, ჯერ კიდევ აშშ-დან მოითხოვა ჩემთან შეხვედრა. 2022 წლის 28 თებერვალს პარლამენტის სასახლეში მას შევხვდი თანმხლებ პირებთან ერთად. პირველი რითაც საუბარი დაიწყო იყო „დაბნეულობის და იმედგაცრუების“ გადმოცემა, რომელსაც მისი მთავრობა გრძნობდა საქართველოს პრემიერის გადაწყვეტილებასთან და 25 თებერვლის განცხადებასთან დაკავშირებით.

მისი სიტყვებით, ახლა იყო მომენტი, როდესაც უნდა აგვერჩია „ნათელ მხარეს ვართ, თუ ბნელ მხარეს“, რაც პირველ რიგში რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებზე შეერთებაში უნდა გამოხატულიყო. ელჩი ამას ხაზგასმით და მკაფიოდ მოითხოვდა, მისი სპეციალური თანაშემწე კი ჩემს პასუხებს, დაწვრილებით იწერდა.

ამ დროს დაწყებული ომის მასშტაბი და შედეგი ჯერ ისევ ბუნდოვანია. – „საქართველო, რომელსაც არავინ უთანხმებს რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ სანქციების დაწესებას, მის შინაარსს, ხანგრძლივობას, რაიმე კონკრეტიკას, ვერ მოაწერს ხელს ასეთ სუფთა ფურცელს“ – ვპასუხობ მე, – „უცნობია ასეთი მკვეთრი დემარში რას მოუტანს საქართველოს, რა საპასუხო დარტყმას მივიღებთ და რა რისკებში აღმოვჩნდებით ჩათრეული. ჩვენ ვართ სპეციფიკური ქვეყანა, რუსული ჯარი ჩვენს ტერიტორიაზეა, ჩვენ გვჭირდება სიფრთხილე. ჩვენ არ ვართ არც ნატოს და არც ევროკავშირის წევრი, შესაბამისად, არც ნატოს ბირთვული ქოლგა და, არც ევროკავშირის ეკონომიკური ურთიერთდახმარების ვალდებულება გვიცავს“.

აშშ-ის ელჩი კატეგორიული და შეუვალი იყო. ერთადერთი პასუხი რისი მიღებაც მას სურდა, იყო თანხმობა სანქციების დაწესებაზე. ყოველ ჯერზე ის მიტრიალებდა კითხვას, ვაპირებდით თუ არა შევერთებოდით სანქციებს, და ყოველი უარის შემდეგ დემონსტრაციულად აძლევდა ნიშანს მის თანაშემწეს, რომ ეს მის ჩანაწერში აესახა.

ამერიკის ელჩს ასევე განვუმარტე, რომ უკრაინას დღეს თუ რამე ესაჭიროებოდა, ეს სანქციები კი არა, სამხედრო დახმარება იყო, ჯარი, შეიარაღება, თავდაცვის სისტემები. ვხედავთ, რომ ზელენსკი საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს მებრძოლების გაგზავნას და იქნებ აშშ-ს ეფიქრა ამაზე.

ამ წინადადებაზე იქვე მიპასუხა: „გინდა, რომ ბირთვული ომი დაიწყოს?“, რაზეც ვუთხარი – „ხედავთ, თქვენ ფრთხილობთ, ჩვენი სიფრთხილე კი არ
მოგწონთ. რეალურად კი არსებულ ვითარებაში ჩვენთვის ვითარების ესკალაცია და შესაძლო ომი, ბირთვული ომის ტოლფასია.“

ჩვენი საუბრის შემდეგ, ელჩი სახელმწიფო კანცელარიაში პრემიერ-მინისტრთან სასაუბროდ გაეშურა. ჩემთან საუბარი, როგორც საკანონმდებლო ორგანოს ორი თვის წინ არჩეულ თავმჯდომარესთან, როგორც ჩანს მხოლოდ მოთელვა იყო. პრემიერ-მინისტრთან საუბარი კი გაცილებით მოცულობითი და პირდაპირი, ვიდრე მხოლოდ ეკონომიკური სანქციების დაწესება-არ დაწესების საკითხი“, – წერს შალვა პაპუაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, დასავლეთმა რუსული აგრესიის საპასუხოდ სანქციების პირველი პაკეტი დაამტკიცა, რასაც საქართველო არ შეუერთდა.

ასევე იხილეთ