leaderboard_below_slide
left_sabechdi

კახა კალაძე ბალტიისპირეთის ქვეყნების სანქციებზე: ყველა განცხადება, რასაც ვისმენთ ზოგიერთი ევროპელი გაქსუებული ბიუროკრატის მხრიდან, დაფუძნებულია ტყუილზე და მას კავშირი არ აქვს დემოკრატიასთან

„ყველა განცხადება, რასაც ვისმენთ ზოგიერთი ევროპელი გაქსუებული ბიუროკრატის მხრიდან, დაფუძნებულია ტყუილზე, არის ფარსი და არანაირი კავშირი არ აქვს ევროპულობასა და დემოკრატიასთან“, – ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის მიერ ქართველი თანამდებობის პირებისთვის სანქციების დაწესების საკითხზე განაცხადა.

თბილისის მერის თქმით, ეს არის რადიკალების გარკვეული დაჯგუფება, რომელსაც საქართველოსთან მიმართებით აბსოლუტურად სხვა ინტერესი აქვს და ევროკავშირში გაწევრიანების თემას დაშანტაჟებისა და მუქარის მიზნით იყენებენ.

„ისინი არიან რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენლები, ჩვენ ასევე ქვეყნის შიგნით გვყავს უსამშობლო რადიკალები. მათ არ მიეცათ იმის შესაძლებლობა, რომ საქართველო გამოეყენებინათ საკუთარი ინტერესებისთვის, კერძოდ ქვეყანაში არ გაჩაღდა მეორე ფრონტი, საქართველო არ მიუერთდა სანქციებს. თუ სურთ ომი, კეთილი ინებონ და თავად იომონ. რა თქმა უნდა, ტყუილი და სიცრუეა ის განცხადებები, რასაც ვისმენთ საქართველოსთან მიმართებით, მაშინ როდესაც მიმდინარეობს  შტურმი ქვეყნის პარლამენტზე, პოლიციელების შეურაცხყოფა, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების გამოყენება. აბა, სცადოს ვინმემ მსგავსი ქმედება ევროპის რომელიმე სახელმწიფოში, რა რეაქცია ექნება პოლიციას. ჩვენ დავიცავთ სამშობლოს და ამ ტიპის ქმედებებს  ყოველთვის მოჰყვება კანონის მხრიდან შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას არ ეშინია გარე ძალების მხრიდან წამოსული  მუქარის და მათი შანტაჟის.

„როდესაც საქმე ეხება საქართველოს მომავალსა და ქვეყნის ინტერესს, ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველთვის დავდგებით იქ, სადაც სამშობლოს სჭირდება. შესაბამისად, ამ ტიპის განცხადებები ვერანაირ ზიანს ვერ მოგვიტანს, პირიქით, ამით თავად დაზიანდებიან. ჩვენ ბევრი წინგადადგმული ნაბიჯი გვაქვს ქვეყნის განვითარების, დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობის თვალსაზრისით. თუნდაც ის, რომ ჩვენი ჯარისკაცების ძალიან  დიდი კონტინგენტი ყველა საერთაშორისო მისიაში მონაწილეობდა და თუ შევადარებთ იგივე ბალტიისპირეთის ქვეყნებს, რომლებიც ნატო-ს წევრები არიან, მათი ჩართულობა გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე საქართველოსი. შესაბამისად, საქართველო არის ძალიან სანდო პარტნიორი და ეს არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ კონკრეტული ქმედებებითა და ნაბიჯებით არაერთხელ დავადასტურეთ.

როდესაც ჩვენი ქვეყნის არჩევნებში პირდაპირ ერეოდნენ ევროკავშირის, გერმანიისა და სხვა ქვეყნების ელჩები, ეს მათი მხრიდან ფასდებოდა დემოკრატიულ პროცესებად, თუმცა როდესაც მათ ქვეყანაშია არჩევნები და სხვა ქვეყნის წარმომადგენელი განცხადებას აკეთებს, ეს მათთვის დაუშვებელი ხდება, რაც ზოგიერთი გაქსუებული ევროპელი ბიუროკრატის მხრიდან ორმაგი სტანდარტია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

ასევე იხილეთ