leaderboard_below_slide
left_sabechdi

თამაზ ბიბილური: ოქმში ჩაწერეს, თითქოს თამრიკო ჩხეიძის ავტომანქანა 40 კმ-სთ სიჩქარით მოდიოდა

ჟურნალისტი თამაზ ბიბილური იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში მერაბ კოსტავას გარდაცვალებასთან დაკავშირებულ სკანდალურ მოვლენებს იხსენებს.

„გეტყვით, რა მოხდა მერაბ კოსტავას ეზოში მისი გარდაცვალების წინა დღით. მანამდე ერთი თვით, თუ რამდენიმე თვით ადრე, ეს ჩემთან აქვს ზვიად გამსახურდიას ნათქვამი… კერძოდ, ზვიად უშიშროებიდან თავისმა ახლობელმა საიდუმლოდ მოუტანა ამბავი – „КГБ გეგმავს ორი კაცის მკვლელობას, ეს ორი კაცი ხართ შენ და მერაბი და ძალიან ფრთხილად იყავითო! ზვიად გამსახურდიამ მითხრა – მერაბს 2 კაცი გამოვუყავი და გავაფრთხილე – აი, ამათ გარეშე ფეხი არსად გაადგა, ასე და ასეა საქმე-მეთქი! მეც დაცვით დავიწყე სიარულიო! ცოტა ხანში ასეთი რამ ხდება: მერაბ კოსტავას გარდაცვალების წინა დღეს, 1989 წლის 12 ოქტომბერს, მერაბ კოსტავა თავისი სახლის ეზოშია, რუსთაველის ძეგლის უკან დაცვასთან და მეგობრებთან ერთად. ამ დროს გამოდის მერაბის დედა, ცხონებული ოლღა დეიდა და მერაბ კოსტავას ეძახის – თამრიკო ჩხეიძე ტელეფონზე რეკავსო! შედის და თამრიკო ჩხეიძეს ელაპარაკება. თამრიკო მერაბს სთავაზობს ქუთაისში წასვლას, მაგრამ მერაბი უარს ეუბნება… მე ამ საკითხზე მისაუბრია ოლღა დეიდასთან და მან მითხრა – მერაბს 5-ჯერ მაინც დაურეკა თამრიკო ჩხეიძემ, ქუთაისში წასვლას აიძულებდაო! რომ არ მოეშვა, მერაბ კოსტავამ, თურმე, ბოლოს ხელი ჩაიქნია და თქვა, – ეეჰ, ბიჭებო, ერთი დღით წავალ და რომ ჩამოვალ, ისევ თქვენი დაცვის ქვეშ ვიქნებიო!

მოკლედ, მერაბ კოსტავა მიდის ქუთაისში, მეორე დღეს ბრუნდებიან იქიდან … მანქანაში ისხდნენ: თამარ ჩხეიძე, რომელიც საჭესთან იყო, მერაბ კოსტავა და ზურაბ ჭავჭავაძე. თამრიკო ჩხეიძეს მანქანა დიდი სისწრაფით მოჰყავდა. უღელტეხილზე ის ადგილი, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, საქვეყნოდ ცნობილია. თამრიკო ჩხეიძის მანქანა კედელს შეეჯახა. მანქანა გადატრიალდა. თამრიკო ჩხეიძე დააპატიმრეს… სასამართლო სხდომაზე ავტოინსპექციის წარმომადგენელთან ერთად მოვიდა რეზო ჩხეიძე (ცნობილი რეჟისორი, თამარ ჩხეიძის მამა. რედ) და მოსამართლეს განუცხადა: – აი, ჩვენ გვაქვს ნამდვილი ოქმი, სადაც დადასტურებულია, რომ თამრიკო ჩხეიძე ავტომანქანას მართავდა 40 კმ-სთ სიჩქარით და სწრაფად არ მოდიოდაო! – მოსამართლემ მიიღო ეს ოქმი და თამრიკო ჩხეიძე მომხდარ ავტოკატასტროფაში ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა“.

წყარო: “ასავალ-დასავალი”

ასევე იხილეთ