leaderboard_below_slide
left_sabechdi

როინ მეტრეველი: თამარმა და ერეკლემ სიცოცხლეშივე მეტი პოპულარობა მოიპოვეს, ვიდრე დავით აღმაშენებელმა

ისტორიკოსის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორის, აკადემიკოს  როინ მეტრეველის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ თავის სიძლიერის მწვერვალს მეფე დავით აღმაშენებლის დროს მიაღწია, ის თავის ეპოქაში ხალხის სიყვარულით არ სარგებლობდა. საქართველოს ისტორიაში იყვნენ მეფეები, რომლებმაც უფრო მეტი პოპულარობა მოიპოვეს, ვიდრე დავით აღმაშენებელმა.

როინ მეტრეველის შეფასებით, აღმაშენებელს ხელში ეჭირა მთელი ქვეყანა და ამის გამო იძულებული იყო სიმკაცრე გამოეჩინა.

„საქართველომ თავის მწვერვალს მიაღწია დავით აღმაშენებლის დროს. უხერხულია მეფეების დანომვრა ამ ნიშნით, მაგრამ ყველაზე დიდი მეფეა დავით აღმაშენებელი – მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კაცთა, სომეხთა, შირვანშა და შაჰანშა, მაგრამ თამარზე გაცილებით მეტი თქმები არის და პოპულარობა ჩანს, ვიდრე დავით აღმაშენებელზე. ეს კიდევ არაფერი, ჩვენ გვყავს მე-18 საუკუნეში ერეკლე მეორე, მასზეა უამრავი თქმულება. ერეკლეს დროს სახელმწიფოს უჭირს, ის უკვე ერთიანი საქართველო აღარ არის, ის ქართლ-კახეთის მეფეა. მიუხედავად ამისა, მეფეები არიან რომლებმაც გარკვეული ეპოქის დამოკიდებულების გამო უფრო მეტი პოპულარობა მოიპოვეს, ვიდრე დავით აღმაშენებელმა. მას ხელში ეჭირა მთელი ქვეყანა და ამის გამო იძულებული იყო სიმკაცრე გამოეჩინა. მეტსაც გეტყვით, იმისთვის, რომ თბილისი აეღო მთელი რიგი რეფორმები გაატარა, 1121 წელს დიდგორი მოიგო, მაგრამ თბილისი 1122 წელს შემოიერთა ცეცხლითა და მახვილით. არა მარტო დანგრევა მოუწია, მან სარზე გასვა ხალხი“, – განაცხადა როინ მეტრეველმა გადაცემაში “სტუმრად ნოესთან”.

 

წყარო: ტელეკომპანია „იმედი“  

ასევე იხილეთ