leaderboard_below_slide
left_sabechdi

დიმიტრი პესკოვი: რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის მოლაპარაკებებისთვის საუკეთესო ადგილი მინსკია

კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთს, უკრაინასა და აშშ-ს შორის შესაძლო მოლაპარაკებებისთვის საუკეთესო ადგილად მინსკს მიიჩნევენ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

“ეს საკითხი არ დამდგარა და არც განხილულა. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მინსკი საუკეთესო ადგილია. ის ჩვენი მთავარი მოკავშირეა, ამიტომ ეს საუკეთესო ადგილია მოლაპარაკებებისთვის”, – განაცხადა პესკოვმა.

პუტინის პრესმდივანმა ასევე აღნიშნა, რომ კრემლი დადებითად აფასებს ვოლოდიმირ ზელენსკის მზადყოფნას მოლაპარაკებებისთვის, რის შესახებაც დონალდ ტრამპმა აშშ-ის კონგრესისადმი მიმართვაში განაცხადა.

“საკითხი არის, ვისთან დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან. ჯერჯერობით, კვლავ ძალაშია სამართლებრივი აკრძალვა უკრაინის პრეზიდენტისთვის, აწარმოოს მოლაპარაკებები რუსულ მხარესთან. ამიტომ, ზოგადად, მიდგომა დადებითია, მაგრამ ნიუანსები ჯერ არ იცვლება“, – აღნიშნა პესკოვმა.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპი 12 თებერვალს ესაუბრა ტელეფონით ვლადიმირ პუტინს, რის შემდეგაც განაცხადა, რომ პრეზიდენტები შეთანხმდნენ ერთად იმუშაონ, მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საკითხზე. ეს იყო აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების პირველი კონტაქტი მას შემდეგ, რაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას 2022 წლის თებერვალში.

ცნობისთვის, 18 თებერვალს აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებები გამართეს ერ-რიადში, სადაც განიხილეს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების აღდგენის თემა. უკრაინისა და ევროპის წარმომადგენლები შეხვედრაზე არ მიუწვევიათ. მოგვიანებით, 27 თებერვალს რუსეთისა და აშშ-ის დიპლომატებმა ორმხრივი მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი სტამბოლში გამართეს.

ასევე იხილეთ