„ვერც კახი კალაძეს ვერ დაუკნინებს ვერავინ ორგზის ჩემპიონთა ლიგის მოგებას და ვერც ლაშა ტალახაძეს წაართმევს ვერავინ სამ ოლიმპიურ ოქროს, დანარჩენი არის სუსტი ადამიანების გადაწყვეტილებები“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს თბილისის მერისთვის უკრაინის სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატის წოდების ჩამორთმევასთან დაკავშირებით განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ისეთი ადამიანების გადაწყვეტილებები, რომლებიც დაკვეთით მოქმედებენ.
„გასაოცარია ის გადაწყვეტილებები, რაც მიიღება უკრაინაში კახი კალაძის მიმართ, რომელიც არის ორგზის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. მანამდე ესტონეთში მიიღეს გადაწყვეტილება, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის მიმართ. ვერც კახი კალაძეს ვერ დაუკნინებს ვერავინ ორგზის ჩემპიონთა ლიგის მოგებას და ვერც ლაშა ტალახაძეს წაართმევს ვერავინ სამ ოლიმპიურ ოქროს. დანარჩენი არის სუსტი ადამიანების გადაწყვეტილებები და ისეთი ადამიანების გადაწყვეტილებები, რომლებიც დაკვეთით მოქმედებენ. ისინი მთლიანად დამოკიდებულნი არიან გარე დაკვეთებზე. შესაბამისად, არავითარი სერიოზული შეფასება ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არ შეიძლება გაკეთდეს.
როდესაც ადამიანი არის უპრინციპო, მისგან ყველანაირი არასერიოზული გადაწყვეტილებაა მოსალოდნელი. მათ აქვთ კონკრეტული კავშირები, შეიძლება ამ კავშირებს იყენებენ კომპრომატებადაც მათ წინააღმდეგ. იგივე შეიძლება შეეხოს ზოგადად, სახელმწიფოების მიდგომასაც. ლატვიის პრეზიდენტი ჩვენ მოგვიწოდებდა სანქციების დაწესებისკენ და ამ დროს ლატვია ჩვენზე სამჯერ მეტ ღვინოს ყიდის რუსეთში, ეს არის ძალიან მარტივი ორმაგი სტანდარტები“, – განაცხადა პრემიერმა.