მაკა ბოჭორიშვილი: უზბეკეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში ბევრი პრიორიტეტული მიმართულება განისაზღვრა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის

„პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იყო პროდუქტიული, შეხვედრები გაიმართა ყველა იმ ადამიანთან, ვინც მონაწილეობას იღებს უზბეკეთის რესპუბლიკის პრიორიტეტების განსაზღვრაში, ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაში, ბევრი პრიორიტეტული მიმართულება განისაზღვრა”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა უზბეკეთში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალი, რომელიც არსებულზე მეტად უნდა იქნას ათვისებული.
„განვიხილეთ ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალი, რომელიც არის იმაზე მეტი, ნამდვილად, ვიდრე დღეს გვაქვს და ამ მიმართულებით წარიმართება მუშაობა შესაბამის უწყებებს შორის. განათლების სფეროში თანამშრომლობა პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელიც აინტერესებს უზბეკურ მხარეს და ჩვენთვისაც ძალიან საინტერესოა. ბევრი სხვა მიმართულება იქნა აღნიშნული, რომელიც მომავალ წლებში ჩვენი ურთიერთობების განმსაზღვრელი იქნება უზბეკეთთან. პოტენციალი უნდა იქნას ათვისებული ურთიერთპატივისცემისა და ორი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით“, – აღნიშნა მინისტრმა.