ირაკლი გოგავა: ტრამპი და მისი ადმინისტრაცია აიძულებს ევროპას, რომ ეს ლიბერალური, ტოტალიტარული სისტემა დაშალონ და მისცენ საშუალება ადამიანებს, აირჩიონ ვინც უნდათ

ტრამპი და შეერთებული შტატების ეს ადმინისტრაცია აიძულებს ევროპას, რომ ეს ლიბერალური, ტოტალიტარული ავტოკრატიული სისტემა დაშალონ და მისცენ საშუალება ადამიანებს, აირჩიონ ვინც უნდათ, – განაცხადა პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ გადაცემაში „იმედი LIVE“. მისი თქმით, ამჟამად ევროპას გადაწყვეტილი აქვს, რომ აშშ-ს ებრძოლოს, თუმცა ევრობიუროკრატებს დანებება მოუწევთ.
„ევროპას შეერთებულმა შტატებმა შესთავაზა ორი გზა: ერთი არის ხისტი და სასტიკი – ტარიფები, ეკონომიკური ზეწოლა, სავაჭრო ომი, იგნორირება და ა.შ. და მეორე გზა არის ის, რაც გამოაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა მიუნხენის შეკრებაზე, როცა ევროპას მოუწოდა – დააბრუნეთ სიტყვის თავისუფლება ევროპაში, მიეცით მედიას თავისუფლება, ნუ ჩაგრავთ იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც თქვენ არ მოგწონთ, ანუ პატრიოტული მემარჯვენე პლატფორმები. ახლა ევროპამ უნდა აარჩიოს. ნებისმიერ შემთხვევაში, ტრამპი და შეერთებული შტატების ეს ადმინისტრაცია აიძულებს ევროპას, რომ ეს ლიბერალური, ტოტალიტარული ავტოკრატიული სისტემა დაშალონ და მისცენ საშუალება ადამიანებს, აირჩიონ ვინც უნდათ. ჩვენ ვხედავთ, რა ხდება ფიცოს წინააღმდეგ სლოვაკეთში; გამოსვლებია, აფინანსებენ ამ მიტინგებს, ესროლეს ფიცოს, ორბანს ავტოავარია მოუწყვეს. რუმინეთში მემარჯვენე ადამიანმა მოიგო პირველ ტურში და გაუუქმეს არჩევნები საერთოდ; ბულგარეთშიც გამოსვლებია, ევროკავშირის საელჩოს სოფიაში საღებავები ესროლეს. მაია სანდუ იგივეა რაც სააკაშვილი და იგივეა, რაც ზელენსკი. ისინი ერთი პროექტის ნაწილები არიან. თავის დროზე სააკაშვილიც, სანდუც და სხვებიც დემოკრატებმა, გლობალისტებმა მოიყვანეს. ევროპას კარგი გამოსავალი უკვე აღარ აქვს, მათ დანებება მოუწევთ, მაგრამ ჯერჯერობით გადაწყვეტილი აქვთ, რომ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას ებრძოლონ“, – აღნიშნა პოლიტოლოგმა.
კითხვაზე – რას ფიქრობს ის ევროპის თავდაცვის უნარიანობის გაზრდის შესაძლებლობაზე, გადაიარაღების გეგმასა და 800 მილიარდის მობილიზებაზე, რომელზეც ლაპარაკობს ურსულა ფონ დერ ლაიენი? – ირაკლი გოგავა ასე პასუხობს:
„მათ თეორიულად შეუძლიათ ყოველწლიურად 800 მილიარდი მოაგროვონ და ჩადონ სამხედრო სფეროში, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩამოეშლებათ ეკონომიკა, იქნება სოციალური დესტაბილიზაცია და ჩამოაგდებენ მთავრობებს. აქვთ ორი არჩევანი: გააძლიერონ თავდაცვა, ან ჩამოეშალოთ ეკონომიკა. ჩემი აზრით, აარჩევენ ისევ იმას, რომ აშშ-მ მიხედოს უსაფრთხოებას და ეკონომიკურად არ ჩამოეშალოთ სიტუაცია. ნებისმიერ შემთხვევაში, ტრამპისგან არის ულტიმატუმი, რომ ლიბერალებმა უნდა აფრიალონ თეთრი დროშა. მთელი 30 წლის განმავლობაში, როცა გლობალური პროექტი ხორციელდებოდა, მთავარი რა მოხდა: დემოკრატიულ სისტემას აქვს თავისი ელემენტები და იმდენად დიდი ზიანი მიაყენეს, რომ დემოკრატიული სისტემა ვეღარ მუშაობს ისე, როგორც მუშაობდა 70-იან წლებში; მედია დისკრედიტირებულია აშშ-იც და ევროპაშიც, არასამთავრობო სექტორი დისკრედიტირებულია ყველგან, ჩვენთან განსაკუთრებით; მოსამართლეები ამერიკაში პარტიული ნიშნით ინიშნებიან, ასევე, შერიფები პროკურორები პარტიული ნიშნით ირჩევა. ამიტომ, ისეთი ვითარებაა შექმნილი, რომ იმ დემოკრატიული სისტემის დაბრუნებაც კი პრობლემურია და ამიტომ სხედან ახლა ინტელექტუალები და ფიქრობენ, რა მოუხერხონ ამ სიტუაციას“, – განაცხადა გოგავამ.