ირაკლი გოგავა: ტრამპისთვის გარდა იმისა, რომ რელიგიური საკითხია მშვიდობის მიღწევა, მისთვის ეს არის გლობალისტების ომი

ტრამპისთვის გარდა იმისა, რომ რელიგიური საკითხია მშვიდობის მიღწევა, მისთვის ეს არის გლობალისტების ომი. ზელენსკი წარმოადგენს გლობალისტების ფიგურას და ეს განზომილებაც, რა თქმა უნდა, მუშაობს, ევროპელები არიან ამის გამოხატულება, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ.
მისი თქმით, ტრამპი არის შედეგზე ორიენტირებული.
„ტრამპს შედეგი აინტერესებს და ახლა ზელენსკი ბოდიშს მოიხდის თუ მწუხარებას გამოხატავს ნაკლებად აინტერესებს, ვინაიდან მშვიდობის დამყარების შემთხვევაში, შემდეგ არჩევნებში დიდი ალბათობით ზელენსკი ვეღარ გახდება ხელმეორედ პრეზიდენტი. საზოგადოებრივი განწყობა უკრაინაში ასეთია, როგორც თვითონ ამერიკელებმა განაცხადეს, ოთხი პროცენტის მხარდაჭერა.
ამიტომ, მე მგონი, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. გამოთქმა არსებობს ასეთი, რომელსაც ვეთანხმები, „ცუდი მშვიდობა სჯობს კარგ ომს. ხალხი იღუპება, ნადგურდება ქალაქები“, – აღნიშნა ირაკლი გოგავამ.
მისივე თქმით, უსაფრთხოების გარანტიებს ამერიკის შეერთებული შტატები არავის მისცემს იმიტომ, რომ ვალდებულებას, იომოს სხვისი გულისთვის ან სხვასთან ერთად, ისინი არ აიღებენ.
„მთელი მათი ისტორია ამას მოწმობს, გინდათ პირველ მსოფლიო ომში, გინდათ მეორეში. ისინი ბოლოს ერთვებიან, როდესაც შედარებით ნათელია, ანუ გარანტირებულზე. ეს ჭკვიანური, პრაგმატული მიდგომაა, ამაში ვერ გაამტყუნებ. ამიტომ, ამერიკა ვერავის ვერანაირ გარანტიას ვერ მისცემს. ის ირიბი გარანტია, რომ რესურსების მოპოვებაში იქნება, ამერიკელი ინჟინრები თუ მუშა ხელი იქ იმუშავებს, ეს ერთგვარად, არაპირდაპირად შეიძლება ჩაითვალოს შემაკავებელ ფაქტორად. გარანტიად არა, რუსების ახალი აგრესიისთვის, მაგრამ აქ არის როგორი რაღაც. როდესაც ორი მხარე შესარიგებელია, ვერცერთი დარჩება კმაყოფილი. მოლაპარაკების ტექნიკა ამაშია, სადღაც შუაში არის ჭეშმარიტება, ლეგიტიმური ინტერესები აქვს ერთსაც და მეორესაც. ერთს აინტერესებს უსაფრთხოება, მეორეს ტერიტორიული მთლიანობა და საერთოდ, სახელმწიფოს გადარჩენა. მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია ამ ყველაფრის მოგვარება. თანაც ტრამპისთვის, გარდა იმისა, რომ რელიგიური საკითხია მშვიდობის მიღწევა, მისთვის ეს არის გლობალისტების ომი. ზელენსკი წარმოადგენს გლობალისტების ფიგურას და ეს განზომილებაც, რა თქმა უნდა, მუშაობს. ევროპელები არიან ამის გამოხატულება“, – აღნიშნა მან.