სოსო გიორგაძე WIPO-ს პროგრამაზე: შინაარსი ამ პროგრამის მორგებულია როგორც სამეცნიერო მიზნებზე, ასევე, ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებაზე

„ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციას“, გაეროს აქვს ძალიან საინტერესო პროგრამა, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა ქვეყანაში სამაგისტრო პროგრამების დანერგვას. ორი წლის წინ დავიწყეთ მუშაობა იმისთვის, რომ საქართველოში დაგვენერგა ეს პროგრამა. ერთობლივად, WIPO-მ და საქპატენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს პროგრამა დანერგილიყო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში. სამაგისტრო პროგრამა ერთ წლიანია და მის სახელწოდებაა „ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაცია და მეწარმეობა“, – განაცხადა საქპატენტის ხელმძღვანელმა სოსო გიორგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
მისი თქმით, ახალი პროგრამა გულისხმობს ახალი ტექნოლოგიების და ინოვაციების კომერციზაციას.
„ამ ფორმით და ამ შინაარსით ეს არის მსოფლიოში პირველი. გამოწვევა იყო გაეროსთვის, გამოწვევა იყო ჩვენთვის. იმიტომ, რომ ახალ საქმეს შევეჭიდეთ. როგორც სახელწოდება, ასევე, შინაარსი ამ პროგრამის არის მორგებული როგორც სამეცნიერო მიზნებზე, ასევე, მორგებულია ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებაზე და სამომავლო სტრატეგიულ ქვეყნებზე. ანუ რას გულისხმობს ეს, ინოვაციები და ახალი ტექნოლოგიები, რომელიც განსაზღვრავს თანამედროვე ეკონომიკას, ბუნებრივია ტექნოლოგიები წარმოადგენს ინტელექტუალურ საკუთრებას და მათი კომერციზაცია, ბიზნესად და მოგებად ქცევა არის ის, რისთვისაც ისწრაფვის თანამედროვე ქვეყნები. ანუ ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა“, – განაცხადა სოსო გიორგაძემ.
მისი თქმით, სასწავლო პროგრამა WIPO-ის ექსპერტების მიერ იქნება შედგენილი. ასევე, „ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია“ სწავლებისას გამოყოფს ორ ლექტორს, რომელიც იქნებიან საერთაშორისო დონეზე აღიარებული წამყვანი უნივერსიტეტების მხრიდან. WIPO გასცემს სტიპენდიებსაც.
რაც შეეხება საკითხს თუ როგორ უნდა მიიღონ მონაწილეობა პროგრამაში დაინტერესებულმა პირებმა, სოსო გიორგაძის თქმით, მსურველები ჩააბარებენ ეროვნულ სამაგისტრო გამოცდებს და შემდეგ აირჩევენ კონკრეტულ პროგრამას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში.
მისი განცხადებით, რეგიონის განვითარების სტრატეგიის ნაწილია, როგორც აღნიშნული პროგრამა, ასევე, პრემიერის გადაწყვეტილება, რომელიც ქუთაისის პარლამენტის შენობაში მოეწყობა ტექნოლოგიური ჰაბი.
„ქუთაისისთვის ამ დონის უნივერსიტეტის არსებობა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოა თავისი ინფრასტრუქტურით და რომელიც მუდმივად ვითარდება. არა მხოლოდ შენობა შენდება ახალი, არამედ, ეს შენობა აღჭურვილია ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიებით, რაც იშვიათი გამონაკლისია აღმოსავლეთ ევროპაში. გარდა ამისა, პრემიერის გადაწყვეტილებით პარლამენტის შენობაში მოეწყობა ტექნოლოგიური ჰაბი. ტექნოლოგიური ჰაბი გულისხმობს ძალიან ბევრ კომპონენტს. მათ შორის შედის დაწყებული თანამედროვე ტენოლოგიების მუზეუმიდან, დამთავრებული ტექნოლოგიური კორპორაციებისთვის სამუშაო ადგილები, მათ შორის საქპატენტის ტრენინგების და გადამზადების ცენტრი განთავსდება“, – განაცხადა სოსო გიორგაძემ.
მისი თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის დაარსებულია, ქველმოქმედებაზე მეტია.
„სახელმწიფოს განვითარებისთვის და გაძლიერებისთვის ძალიან ბევრი კომპონენტია საჭირო. ეს კომპონენტები წარმოვიდგინოთ, რომ რაღაც ორბიტაზე ტრიალებს, მაგრამ ორბიტის ცენტრი, ბირთვის არის კვალიფიციური, განათლებული, მშრომელი მოქალაქე. ეს არის ბირთვი, რომლის გარშემოც უნდა აშენდეს სახელმწიფო. სწორედ, ასეთი კვალიფიციური ადამიანი არის გარანტი პიროვნული და სახელმწიფო განვითარების. დღეს ჩვენი ქვეყანა არის გამოწვევებით სავსე გზაზე. ჩვენ ხანგრძლივი პერიოდის შემდგომ, დამოუკიდებელ დემოკრატიაში ვცხოვრობთ. საქართველო აღარ არის აღარავის აქტივი. არც ერთ ქვეყანას არ ვეკუთვნით. დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყნის მართვა, ამ ტვირთის ტარება შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ განათლებულ, კვალიფიციურ და მშრომელ მოქალაქეს. თუ ქვეყნის მოქალაქეები არ იქნებიან ძლიერები შეუძლებელია, რომ ქვეყანამ შეძლოს თავისუფლების და დემოკრატიის ტვირთის ზიდვა. აი, ამ საზოგადოების თავისუფალი, დემოკრატიული, თავისუფალი საზოგადოების განვითარებისა და შენებისთვის ააშენა ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისში საერთაშორისო უნივერსიტეტი“, – განაცხადა სოსო გიორგაძემ.