რატი იონათამიშვილი: რადიკალური ოპოზიცია განადგურებულია ქვეყანაში, ის ფაქტობრივად აღარ არსებობს, ეს ადამიანები მუდმივად ეწეოდნენ ძირის გამომთხრელ საქმიანობას ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ

„შეიძლება ითქვას, რომ რადიკალური ოპოზიცია განადგურებულია ჩვენს ქვეყანაში, ის ფაქტობრივად აღარ არსებობს“, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა გადაცემა „ღამის კურიერში“ საუბრის დროს განაცხადა.
იონათამიშვილის თქმით, რეალურად, ისინი დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს არ იღებდა და კონკრეტული პირების დაკვეთებით მოქმედებდნენ.
„შეიძლება ითქვას, რომ რადიკალური ოპოზიცია განადგურებულია ჩვენს ქვეყანაში, ის ფაქტობრივად აღარ არსებობს. ეს დამსახურებულად არის, ვინაიდან ეს ადამიანები მუდმივად ეწეოდნენ ძირის გამომთხრელ საქმიანობას ქართული დემოკრატიისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ. საბოლოო ჯამში, ყველა ის უბედურება, რაც უნდოდათ ჩვენი ქვეყნისთვის, თავად დაემართათ.
სინამდვილეში, ჩვენ პოლიტიკური ოპოზიცია, ამ რადიკალური ჯგუფების სახით არ გვყავდა, ეს იყო პოლიტიკური პროექტები და ამ პროექტებს ერთი ავტორი ჰყავდა, რომელიც აძლევდა მათ დავალებებს, ესენი იღებდნენ მას, როგორც საშინაო დავალებებს, მაგრამ ამ საშინაო დავალებების შესრულებაშიც მიიღეს ორიანი, აღმოჩნდნენ უხეიროები და ფაქტობრივად, რიდესაც ყველაფერი შემოეცალა ამ რადიკალურ ოპოზიციას, რაც დარჩა, ეს იყო სიცრუე და სიძულვილი. დღეს რასაც ვუყურებთ, ეს ადამიანები გამოდიან და მხოლოდ და მხოლოდ სიძულვილის ამარა არიან დარჩენილნი“, აცხადებს იონათამიშვილი.