ირაკლი ქადაგიშვილი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე ოპოზიციის უარის შესახებ: ის ფრუსტრაცია აქვთ, რაც თავის თავს თვითონვე დამართეს

“ის ფრუსტრაცია აქვთ, რაც თავის თავს თვითონვე დამართეს”, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა 4 ოპოზიციური პარტიის შესახებ. იგი ამგვარად გამოეხმაურა ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების უარს, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში.
“მათ არ გააჩნიათ პოლიტიკური რესურსი დღეს იმისა, რომ არჩევნებში რაიმე სერიოზულ შედეგს მიაღწიონ. თვითონ დაიყენეს თავი ქვეყნის კონსტიტუციური წყობის, დემოკრატიული არჩევნების გარეთ და დღეს წმინდა მორალურად, უჭირთ აღიარონ, რომ თურმე, ამ ქვეყანაში არჩევნები ტარდება და უნდა მივიღოთ ამ არჩევნებში მონაწილეობა. ანუ, ის ფრუსტრაცია აქვთ, რაც თავის თავს თვითონვე დამართეს”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
გუშინ ცნობილი გახდა საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული 4 ოპოზიციური პარტიის გადაწყვეტილება, მონაწილეობა არ მიიღონ თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში, რომელიც ოქტომბერში გაიმართება. ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, „გირჩია”.