“იძულებული გახდნენ, ეღიარებინათ, რომ განსხვავება არ არის (ოფიციალური შედეგებისგან), მაგრამ მონაცემები მაინც არ გამოაქვეყნეს”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.
იგი ამგვარად გამოეხმაურა, არჩევნების ე.წ. გაყალბების საქმის გამოძიების ფარგლებში, ISFED-ისგან 2024 წლის არჩევნების ხმების პარალელური დათვლის დოკუმენტაციის გამოთხოვას, რაზეც ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მოთხოვნილ დოკუმენტაციას პროკურატურას გაუგზავნის.
“ამ არასამთავრობო ორგანიზაციის ამ სავალალო საქმიანობას ჩვენ ჯერ კიდევ 2020 წლიდან ვიცნობთ, როდესაც გამოაქვეყნეს გაყალბებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით თუ რა შედეგით დამთავრდა არჩევნები. რასაკვირველია, ეს მავნებლობაა და იგივე გზაზე იდგნენ ახლაც, მაგრამ იმან, რომ ეს იყო ელექტრონული არჩევნები, ხელი შეუშალა, ბოლომდე განეხორციელებინათ თავისი ბოროტი გეგმა. იძულებული გახდნენ, ეღიარებინათ, რომ განსხვავება არ არის (ოფიციალური შედეგებისგან), მაგრამ მონაცემები მაინც არ გამოაქვეყნეს. მონაცემების გამოქვეყნებას თავისი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.