leaderboard_below_slide
left_sabechdi

როინ მეტრეველი: ყველაზე მძიმე იყო ის, რომ უნივერსიტეტი დაანგრიეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, ისტორიკოსი როინ მეტრეველი გადაცემაში – „სტუმრად ნოესთან“, იხსენებს პერიოდს, როდესაც ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა მას უნივერსიტეტის დატოვება მოსთხოვა და თსუ-ში მიმდინარე პროცესებს ყოფილი რექტორი გვერდიდან უყურებდა.

„გვერდიდან ყურებისას ყველაზე მძიმე იყო ის, რომ უნივერსიტეტი დაანგრიეს, პირდაპირი მნიშვნელობით. უნივერსიტეტში იყო 22 ფაკულტეტი. ერთ დღეში შექმნეს 6 ფაკულტეტი, ერთ დღეში, ერთი ბრძანებით გაათავისუფლეს 1500 კაცი. ერთ-ერთი ჩვენი თანამშრომელი, კათედრის წევრი, მივიდა ხელფასის ასაღებად და მოლარემ როცა უთხრა, შენ უკვე მოხსნილი ხარ და აღარ ხარ ჩვენთანო, გაუსკდა გული და ეს ქალი იქვე მოკვდა. გვერდიდან ეს არის უმძიმესი დასანახი.

უნივერსიტეტში იყო უნივერსიტეტის დამფუძნებლის, ივანე ჯავახიშვილის კაბინეტი, სადაც საქართველოს ისტორიის კათედრაც იყო, სტუდენტებსაც ვამეცადინებდით და ლექციებსაც ვატარებდით. შესანიშნავი ბიბლიოთეკა იყო. სახლიდან მქონდა მიტანილი 65 ტომი პირველი გამოცემის ენციკლოპედია. გვქონდა უძვირფასესი ივანე ჯავახიშვილის რუკა. ბავშვებს სხვაგან წასვლა არ უხდებოდათ და იქვე მეცადინეობდნენ. ეს გააუქმეს და არამარტო გააუქმეს, დაანგრიეს. დაანგრიეს და გააუქმეს რუსთაველის კაბინეტი. იმ ოთახში, სადაც ვაჟა- ფშაველა გარდაიცვალა, გვქონდა ვაჟას კაბინეტი მოწყობილი. ამის ყურება ძნელია კაცისთვის, ადამიანისთვის, რომელმაც წლები შეალია უნივერსიტეტს. მწყინდა უნივერსიტეტის მიმართ ასეთი დამოკიდებულება. უნივერსიტეტის მიმართ ყოველთვის მქონდა კრძალვის შეგრძნება. პირველი კორპუსის ზღურბლს რომ გადავაბიჯებდი, ვგრძნობდი, რომ შევდიოდი სადღაც წმინდა ტაძარში“, – განაცხადა როინ მეტრეველმა.

წყარო: ტელეკომპანია “იმედი”

 

ასევე იხილეთ