გურამ მაჭარაშვილი: კოლექტიურ “ნაცმოძრაობას” ამოჩემების სინდრომი აქვს, ამბობენ, არჩევნები უნდა დაინიშნოსო, დანიშნულია თვითმმართველობის არჩევნები, მობრძანდნენ და თავიანთი ბედი სცადონ

“კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ამოჩემების სინდრომი აქვს, ამბობენ, არჩევნები უნდა დაინიშნოსო, დანიშნულია თვითმმართველობის არჩევნები, მობრძანდნენ და თავიანთი ბედი სცადონ”, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პარტია „ხალხის ძალა“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, თუმცა როგორ და რა ფორმით, მოგვიანებით გახდება ცნობილი.
“ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და მის ანასხლეტებს დაავადება აქვთ, აკვიატების და ამოჩემების სინდრომი. ამოჩემებული აქვთ, რომ არჩევნები უნდათ და ამ დროს, ცხრა არჩევნები ჩატარდა და ყველა წააგეს. ახლაც არის არჩევნები, ოქტომბერში. დღეს ამბობენ, რომ არჩევნები უნდა დაინიშნოსო. რომელი არჩევნები უნდა დაინიშნოს? – დანიშნულია, მობრძანდნენ და თავიანთ ბედი სცადონ. ამბობენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთო. აბა, როგორი არჩევნები უნდა დაინიშნოს? – უცხოური ძალები ხელისუფლებაში პირდაპირ რომ დაგნიშნავენ, ასეთი არჩევნები უნდათ და ნურას უკაცრავად, ეს არც დემოკრატიაა და არც ქართველი ხალხის გადაწყვეტილება იქნება. ხომ გვახსოვს, ISFED-მა განამტკიცა, რომ ცესკო-ს მონაცემები იყო სწორი იყო, რადგან, რაც თავად გამოაქვეყნა, იგივე ჰქონდა ცესკო-ს. მეტიც აღიარა, რომ ეს ის შედეგები იყო, რაც ცესკო-ს ჰქონდაო, მაგრამ არჩევნები მაინც გაყალბებულია.
ანუ, იმიტომ არის გაყალბებული, რომ კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ ვერ მოიგო? – ფორმულა, რომ არჩევნები წააგო და მაინც მოგებულად გამოგაცხადონ, ჯერ არსად არ გამოუგონებიათ. რა თქმა უნდა, არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ. რა ფორმით, როგორ და რანაირად, რა თქმა უნდა, ამას გაიგებთ. თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე ჯერ დროა და როგორც კი ეს კამპანია მოახლოვდება, ჩვენს პოზიციას გაგაგებინებთ”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.