“სალომე ზურაბიშვილი თავისი პიროვნების აქტუალობის წამოწევის მცდელობებით დაიტანჯა. 2022 წლიდან მოყოლებული, ყოველდღიურად ცდილობს, როგორმე ოპოზიციას სათავეში ჩაუდგეს და სააკაშვილი ჩაანაცვლოს, როგორც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერმა”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, „პრაქტიკულად, მან ზურგი შეაქცია ადამიანებს, რომლებმაც აირჩიეს“.
“ახლა იმ ადამიანებთან არის დაკავშირებული, რომლებმაც მას უკიდურესად მძიმე შეურაცხყოფები მიაყენეს. ამ მცდელობებშია სალომე ზურაბიშვილი. ხან „ქარტიას“ აქვეყნებს, ხან ევროპულ „ვოიაჟს“ ისე აჩვენებს, თითქოს მან გადაწყვიტა საქართველოს ბედი, მაგრამ ამას შედეგი არ აქვს. ყველამ კარგად იცის, რას წარმოადგენს, რა უნდა და რა მიზანს ემსახურება. ეს მიზანი უცვლელია, იგივეა, რაც ლევან ხაბეიშვილს, თინა ბოკუჩავას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს თუ თეონა აქუბარდიას აქვთ. აქედან გამომდინარე, უშედეგოა მისი მცდელობები, რაღაც ფინტების ტარება პოლიტიკურ ველზე.
ახლა კიდევ ახალ ქარტიას გამოაქვეყნებს, შემდეგ ვიღაცები დაიწყებენ მცდელობებს, როგორმე ქარტიაზე ხელი მოაწერინონ ადამიანებს, რომლებიც გუშინ სალომე ზურაბიშვილს დამამცირებელ სიტყვებს უწოდებდნენ. ეს ღლიცინი, ფუთფუთი ამ ყოფილი პრეზიდენტის მუდმივი მახასიათებელია”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.