ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ღამის ეთერში პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი არალეგიტიმურად მოიხსენია, რაზედაც ჟურნალისტის მხრიდან შესწორება მიიღო.
ნინო შუბლაძის კითხვაზე, – როდესაც ვნახეთ მძიმე შეხვედრა „ოვალურ კაბინეტში“, შემდეგ ზელენსკის წერილი, ჯერ არ ჩანს ზუსტი კონტურები, როგორ შეიძლება დასრულდეს ეს ომი, ამ ფონზე, მთელი კვირეული მოგიძღვნათ პარლამენტის თავმჯდომარემ ოპონენტებს და ამიტომ გეკითებით. იყო თუ არა სწორი, როდესაც სანქციებთან შეერთებასა და უკრაინაში მოხალისეების გაგზავნაზე თქვა საქართველოს ხელისუფლებამ უარი, თუ ფიქრობთ, რომ თქვენი პოლიტიკა მაშინ სწორი იყო? – თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ შალვა პაპუაშვილის განცხადებებს არ უსმენს.
თინა ბოკუჩავა: – შალვა პაპუაშვილის განცხადებებს ნამდვილად არ ვუსმენ. ის არანაირი პარლამენტის თავმჯდომარე არ არის, რადგან ამ პარლამენტს არ აქვს ლეგიტიმაცია…
ნინო შუბლაძე: – ეს თქვენთვის, ქ-ნო თინა, ამიტომ, მოდით ჩემს კითხვას უპასუხეთ.
თინა ბოკუჩავა: – თქვენ ციტირებთ ვიღაც, არალეგიტიმურ პირს, რომელიც ჩემთვის საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი… ხელისუფლების დე-ფაქტო წარმომადგენლებს, რომლებსაც თქვენ პრემიერად, პარლამენტის თავმჯდომარედ თუ მინისტრებად მოიხსენიებთ, როგორც არ უნდა უხაროდეთ ის რაც მათ იხილეს „ოვალურ კაბინეტში“, ეს ფუჭი სიხარულია მათთვის…
ნინო შუბლაძე: – ის პარლამენტის თავმჯდომარეა ქ-ნო თინა და ასე მოვიხსენიებ. ის ოფიციალურად პარლამენტის თავმჯდომარეა, ეს თქვენ ეძახით მას არალეგიტიმურს.
ბოკუჩავამ საბოლოოდ არ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, უნდა დაეწესებინა თუ არა საქართველოს რუსეთისთვის სანქციები და უნდა გაეგზავნა თუ არა უკრაინაში მოხალისეები საბრძოლველად.
წყარო: “რუსთავი-2”