leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი ვოლსკი: ბალტიისპირეთის ქვეყნებმა უარყოფითი მხრიდან გამოიჩინეს თავი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათი ეკონომიკური ურთიერთობები მნიშვნელოვნად აჭარბებს საქართველოს სავაჭრო ბრუნვას რუსეთის ფედერაციასთან

“არასამთავრობო ორგანიზაციები, პარტიული სუბიექტები ჩართული არიან იმ ამბავში, რასაც აჟღერებს და რის რეალიზაციასაც ახდენს ბალტიისპირეთის ქვეყნების ჯგუფი”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ, განაცხადა.

როგორც ვოლსკიმ განმარტა, ბალტიისპირეთის ქვეყნების ბოლოდროინდელი ქმედებების, მათ შორის, ქართველი თანამდებობის პირებისთვის სანქციების დაწესების ორი მიზეზი არსებობს – ერთი მხრივ, ფიქრობენ, რომ მათთვის უმჯობესია, რუსეთმა აგრესიული ძალა სხვა მხრივ მიმართოს, ხოლო, მეორე მხრივ, სწორედ ეს ქვეყნები არიან იმ პოლიტიკის ლიდერები, რაც საქართველოში ხელისუფლების შეცვლას გულისხმობს.

მისივე განცხადებით, ბალტიისპირეთის ქვეყნები აგრესიული თავდასხმის პოლიტიკას აბსურდული ბრალდებების ფონზე აწარმოებენ, რაშიც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოც” ჩართულია.

“აქ უნდა გამოვყოთ ორი მთავარი მიმართულება: ერთი, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები ფიქრობენ, მათთვის უმჯობესია, ცეცხლი სხვაგან ენთოს, დაძაბულობა სხვაგან იყოს, რუსეთის აგრესიული ძალა პერსპექტივაში სხვა მიმართულებით იყოს პოტენციურად განვითარებული. მეორე – რეალურად, სწორედ ესენი არიან ლიდერები იმ პოლიტიკისა, რასაც ჰქვია სახელმწიფოში ხელისუფლების შეცვლის და ისეთი ხელისუფლების მოყვანის მცდელობა, რომელიც ევრობიუროკრატიისთვის საჭირო პოლიტიკას განახორციელებს. ამის უკან არაფერი დევს, გარდა ასეთი ბოროტი ზრახვებისა. ვფიქრობ, ეს ყველასთვის ნათელ სურათს ქმნის. სამწუხაროდ, თვალ-ყურს ვადევნებთ, რომ საქართველოზე აგრესიული თავდასხმების პოლიტიკა ჯერ არ შეწყვეტილა. არ შეწყვეტილა, რადგან მსოფლიოში ჯერ არ ვითარდება ცვლილებები, რომლებიც ჩვენთვის ასეთი დიდი მნიშვნელობისაა. სამწუხაროა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ასეთი უარყოფითი მხრიდან გამოიჩინეს თავი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რუსეთთან მათი ეკონომიკური ბიზნესურთიერთობები საკმაოდ ინტენსიურია და მნიშვნელოვნად აჭარბებს საქართველოს სავაჭრო ბრუნვას, რომელიც მას წლიურად აქვს რუსეთის ფედერაციასთან. აბსურდული ბრალდებებია, რომელშიც „საერთაშორისო გაუმჭვირვალე გამჭვირვალობა“ ჩაერთო.

ესეც ერთ-ერთი ინდიკატორია, რომ რეალობასთან ახლოს არ არის და ამის უკან ბოროტი გეგმებია, რასაც ჰქვია საქართველოს დაჩოქება და რევოლუციის გზით საქართველოში გადატრიალების მოხდენა. ამას სხვა ახსნა არ აქვს, რადგან აგრესიულ საუბარზე თუ არის ლაპარაკი, რასაკვირველია, ბექა ოდიშარია და ნებისმიერი სხვა მნიშვნელოვნად ჩამორჩება იმ განცხადებებს, რასაც თუნდაც ქუჩიდან ვისმენთ და ტრიბუნიდან ვისმენდით სულ ახლახან. ეს არ არის მიზეზი. ეს მოგონილი თემაა. სახელმწიფოს პოლიტიკა როცა მოგონილ თემაზე ეწყობა, ნიშნავს, რომ ჩანაფიქრია კონსპირაციული, ბნელი, აგრესიული, რასაც არ იმსახურებს არც ჩვენი ქვეყანა და არც თითოეული პიროვნება, რომელიც აქ არის ჩამოთვლილი“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ცნობისთვის, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” გასული წლიდან ესტონეთშია დარეგისტრირებული. სწორედ ამ ორგანიზაციამ გაავრცელა ესტონეთის მიერ სანქცირებული პირების დეტალური აღწერა და მათთვის სანქციების დაწესების მიზეზებიც.

ასევე იხილეთ