leaderboard_below_slide
left_sabechdi

ქართველი ტყვიის მსროლელი მარიამ აბრამიშვილი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია

ხორვატიაში ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ქართველმა ტყვიის მსროლელმა მარიამ აბრამიშვილმა 10-მეტრიან დისტანციაზე პნევმატიკური პისტოლეტის სროლაში სოლო-ტურნირში ოქროს მედალი მოიპოვა.

საქართველოს სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მარიამ აბრამიშვილმა ფინალში ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოასპარეზე სპორტსმენი ალიაკსანდრა პიატროვა ანგარიშით 15:14 დაამარცხა და პირველი ადგილი დაიკავა.

მარიამ აბრამიშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულა. მიმდინარე ტურნირზე საქართველოს ანგარიშზე ოთხი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალია. ინდივიდუალურ ასპარეზობაში მარიამ აბრამიშვილი 10-მეტრიან დისტანციაზე პნევმატიკური პისტოლეტის სროლაში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

ევროპის ჩემპიონობა იზეიმა საქართველოს ვაჟ ტყვიის მსროლელთა ნაკრებმაც – გიორგი მუმლაძის, შოთა სუმბაძისა და იოანე ხვარეშიას შემადგენლობით, მათ ფინალში უკრაინის ნაკრებს ანგარიშით 16:6 სძლიეს.

გუნდურ ჩათვლაში 10 მეტრზე პნევმატიკური პისტოლეტის სროლაში ოქრო გოგონათა ნაკრებმა – მარიამ აბრამიშვილის, მარიამ მარშავასა და მარიამ ფროდიაშვილის შემადგენლობით – მიიღო. მათ 1711 ქულა დააგროვეს, რაც ევროპის რეკორდია.

ქართველი ტყვიის მსროლელები ევროპის პირველობაზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

ასევე იხილეთ