„სანქციები მორიგი, ჩვეულებრივი, გაცვეთილი მეთოდია. ბალტიისპირეთმა საერთოდ არ იცის არც ლაშა ტალახაძე და არც სხვა პიროვნებები, ვის დასანქცირებაზეც არის საუბარი. ეს ყველაფერი მომზადებულია „დიფ სთეითის“ აქაური წარმომადგენლებისგან, გიგაური იქნება ეს, ლომჯარია თუ სხვა და ამას აკეთებენ იმიტომ, რომ სხვა საქმე აღარ აქვთ“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ბალტიისპირეთის ისეთი ქვეყნები გასცემენ საქართველოს მოქალაქეებზე სანქციებს, რომელთაც რუსეთთან ხუთჯერ მეტი სავაჭრო ურთიერთობა აქვთ, ვიდრე – საქართველოს.
„დიფ სთეითის“ აქაურ წარმომადგენლებს ფული შეუწყდათ – პარლამენტში ისინი აღარ არიან, საზოგადოებაში მათ მიმართ ნდობა აღარ არსებობს, მათი პატრონებიც კი გაურკვეველ მდგომარეობაში არიან, რადგან ვაშინგტონიდან მხარდაჭერა აღარ აქვთ, ხოლო ბრიუსელიდან გაურკვევლობაა, ამიტომ, ახლა უკვე ესტონეთში გადაინაცვლეს. რა თქმა უნდა, რომ ესტონეთს აქედან მიაწოდეს სანქციებისთვის სია, მაგრამ, მიზანი რა იყო, ეგონათ, რომ ლაშა ტალახაძე გაბრაზდებოდა და სახელმწიფოს ეტყოდა, ბალტიისპირელებმა დამასანქცირეს და მეორე ფრონტი დაიწყეთო? ამ დონეზე არიან უკვე გონებაარეულები. თან, იმ ქვეყნებისგან ვიღებთ სანქციებს, რომელთაც, რუსეთთან, თავიანთი ქვეყნების სარგებლისთვის, ხუთჯერ მეტი სავაჭრო ურთიერთობა აქვთ, ვიდრე ჩვენ“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.