ლევან მგალობლიშვილი ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში გამართულ შეხვედრაზე: როდესაც საქმე შეეხო ჩვენი დროებით დევნილი მოსახლეობის სახლებში დაბრუნების საკითხს, რუსეთის დელეგაციამ სხდომათა დარბაზი დროზე ადრე დატოვა

როდესაც საქმე შეეხო ჩვენი დროებით დევნილი მოსახლეობის სახლებში დაბრუნების საკითხს, რუსეთის დელეგაციამ სხდომათა დარბაზი დროზე ადრე დატოვა, – განაცხადა ჟენევიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა.
„მოლაპარაკებების ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ ყურადღება იმ მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილა, როგორიცაა ჰუმანიტარული მიმართულებები, უკანონო დაჭერებისა და უსაფრთხოდ გადაადგილების საკითხები და რაც მნიშვნელოვანია, სოხუმის აეროპორტის გახსნის მიუღებლობა“, – აღნიშნა ლევან მგალობლიშვილმა.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-ე რაუნდი გაიმართა.
მოლაპარაკებების ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი გააკეთა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორიცაა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.